წულუკიანი პარტიებს ადმინისტრაციული რესურსის გამოუყენებლობისკენ მოუწოდებს

800

იუსტიციის მინისტრი და უწყებათაშორისი კომისიის ხელმძღვანელი თეა წულუკიანი მმართველ და ოპოზიციურ პარტიებს მოუწოდებს “გამიჯნონ ერთმანეთისგან ადმინისტრაციული რესურსი, რომელიც ეკუთვნის სახელმწიფოს და ხალხს და არა რომელიმე პარტიას და ამით შექმნან ერთმანეთში კონკურენტული გარემო”. ამის შესახებ წულუკიანმა უწყებათშორისი კომისიის სხდომაზე განაცხადა.

“მინდა ვისარგებლო შემთხვევით და როგორც უწყებათაშორისი კომისიის ხელმძღვანელმა კიდევ ერთხელ მოვუწოდო ყველა კანდიდატს ყველა პარტიიდან, ასევე, მოვუწოდო მმართველ პარტიას და მის კანდიდატებს, იმ ოპოზიციურ პარტიებსა და კანდიდატებს, რომლებიც, გარდა ოპოზიციური პარტიების კანდიდატობისა, არიან პარლამენტში თანამდებობებზე და ხელი მიუწვდებათ ადმინისტრაციულ რესურსზე, რომ გამიჯნონ სახელმწიფო და პარტია ერთამანეთისგან”, – თქვა წულუკიანმა.

მინისტრმა 2012 წლის 1 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების წინასაარჩევნო პერიოდი გაიხსენა და დასძინა, რომ ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებას არასოდეს აქვს დიდი მომავალი, არც ამ შემთხვევაში ექნება.

“უნდა გავიხსენოთ 2012 წლის 1-ლი ოქტომბერი, როდესაც კანდიდატების წინააღმდეგ ჩართული იყო მთელი სახელმწიფო მანქანა, ერთმანეთში იყო აღრეული სახელმწიფო და პარტია, მაგრამ ხალხმა მაინც მოახერხა და თავისი სწორი არჩევანი დააფიქსირა. თავისუფალი არჩევნების დღეს არჩევანს აკეთებს ქართველი ხალხი და მივცეთ ხალხს არჩევანის თავისუფლად გაკეთების საშუალება”, – თქვა თეა წულუკიანმა.

უწყებათშორისი კომისიის დღევანდელი სხდომა “ევროპულმა საქართველომ” პროტესტის ნიშნად დატოვა. ამის მიზეზად პარტიამ კომისიის მიერ არჩევნებში მონაწილე პირების მიმართ განხორციელებული ძალადობის ფაქტების გამოუძიებლობა დაასახელა.

წყარო: იმედინიუსი