“კახა ოქრიაშვილი, რომელიც 2012 წლიდან გვებრძოდა, გვივარდებოდა ოჯახებში, გვარბევდა, გვემუქრებოდა, დღესაც იმავე მეთოდებით გვებრძვის”, – აცხადებს დმანისის მოქმედი გამგებელი, “ქართული ოცნების” წევრი გოგი ბარბაქაძე, რომელიც ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში მერობის დამოუკიდებელ კანდიდატად დარეგისტრირდა.
ბარბაქაძე პარლამენტის დმანისის მაჟორიტარ დეპუტატს, კახა ოქრიაშვილს მასზე და სხვა დამოუკიდებელ კანდიდატებზე ზეწოლაში ადანაშაულებს. დმანისის გამგებელი droa.ge-ს დაუკავშირდა და მოუყვა, რომ ოქრიაშვილი და მისი გუნდი მას და სხვა კანდიდატებს, რომლებიც დღემდე “ქართული ოცნების” წევრები არიან, მაგრამ არჩევნებში მონაწილეობა დამოუკიდებლად გადაწყვიტეს, კანდიდატურის მოხსნას აიძულებს. ის ამბობს, რომ რამდენიმე კანდიდატს ოქრიაშვილის ნათესავები სახლში მიუვარდნენ, რის შემდეგაც რამდენიმე მათგანი იძულებული გახდა, კანდიდატურა მოეხსნა. ბარბაქაძის თქმით, კანდიდატებს კენჭისყრაზე უარი ოქრიაშვილის ბიძაშვილმა, მერაბ ოქრიაშვილმა ათქმევინა.
გოგი ბარბაქაძემ ფაქტების შესასწავლად უწყებათაშორის კომისიასაც მიმართა. კომისიამ კი ბარბაქაძის განცხადება პროკურატურას გადაუგზავნა. ბარბაქაძე, ასევე, აპირებს, ინფორმაცია მიაწოდოს ადგილობრივ და საერთაშორისო სადამკვირვებლო ორგანიზაციებს.
– 2012 წლიდან ვარ “ქართულ ოცნებაში”, ვარ ამ პარტიის ერთ-ერთი დამფუძნებელი და დელეგატი, ასევე, ვიყავი პარტიის დმანისის ორგანიზაციის თავმჯდომარე და შტაბის უფროსი. 2012 წლის დეკემბრიდან ვარ დმანისის გამგებელი. 2014 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე პარტიამ წარმადგინა გამგებლობის კანდიდატად და 78%-ით გავიმარჯვე. სამწუხაროდ, დღეს უკვე ვხედავ, რომ ეს აღარ არის “ქართული ოცნება”, ესაა ოქრიაშვილის ოცნება, კეზერაშვილის და სხვების ოცნება და არა იმ ადამიანების, ვინც პარტიაში დაფუძნების პირველივე დღიდან ვართ.
ოქრიაშვილმა გადაწყვიტა, რომ დმანისს მისი ხელდასმული მერი უნდა ჰყავდეს. გავრცელებული ინფორმაციით, “ქართული ოცნებიდან” მერობის კანდიდატი ოქრიაშვილის კომპანიის – PSP-ს ერთ-ერთი თანამშრომელი იქნება, თუმცა, როგორც ვიცი, ქვემო ქართლში მერობის კანდიდატების წარდგენას ყველაზე ბოლოს გეგმავენ, რადგან ჯერ კიდევ ვერ შეთანხმდნენ ვერც მერობის და ვერც საკრებულოს კანდიდატებზე.
– თუ გქონდათ კომუნიკაცია პარტიასთან და რა პასუხი მიიღეთ მათგან?
– კი, მქონდა. გვითხრეს, რომ კახა ოქრიაშვილი, რომელიც 2012 წლიდან გვებრძოდა, გვივარდებოდა ოჯახებში, გვარბევდა, გვემუქრებოდა, მანქანებს გვიმტვრევდა, გადაწყვეტს, ვინ იქნება მერობისა თუ საკრებულოს წევრობის კანდიდატები.
– ვისთან გქონდათ პარტიაში კომუნიკაცია?
– პარტიის რეგიონული სამსახურის უფროსთან, დიტო სამხარაძესთან, ასევე, ქვემო ქართლის კურატორთან. სამწუხაროდ, სხვებთან კონტაქტი ვერ შევძელი. როდესაც დავრწმუნდით, რომ დმანისის საკითხებს პარტიაში კახა ოქრიაშვილი წყვეტდა, იმ ძირითადმა ბირთვმა, რომელიც დმანისში “ქართულ ოცნებას” წარმოვადგენთ, გადავწყვიტეთ, დამოუკიდებელ კანდიდატებად დავრეგისტრირებულიყავით. დარეგისტრირების პროცესშიც დიდი წინააღმდეგობა შეგვხვდა. ოქრიაშვილის მითითებით, საოლქო საარჩევნო კომისია რეგისტრაციისას პრობლემებს გვიქმნიდა. იყო შემთხვევა, როდესაც ერთ-ერთი კანდიდატი დარეგისტრირდა, მაგრამ იმავე დღეს კანდიდატურა მოახსნევინეს. მის გარდა, 4-5 დამოუკიდებელ მაჟორიტარ კანდიდატს მოახსნევინეს კანდიდატურა.
– ვინ მოახსნევინა კანდიდატურა და რა ტიპის ზეწოლა იყო ამ ადამიანებზე?
– კახა ოქრიაშვილის ბიძაშვილმა მერაბ ოქრიაშვილმა, რომელიც 2012 წლის არჩევნებზე “ნაციონალების” სახელით გვატერორებდა “ქართული ოცნების” წევრებს, გვივარდებოდა სახლებში და ოფისებში. კანდიდატურები მოახსნევინეს, მაგალითად, კარაბულახის თემის წარმომადგენელს, ზულფუგარ მიქაელოვს, ოროზმანის თემის წარმომადგენელს, ქამრან ხიდიროვს, ამამლოს თემის წარმომადგენელს ფაიკ რუსტამოვს. მან გუშინ მოხსნა კანდიდატურა. ღამით სახლში მიუცვივდნენ და კანდიდატურის მოხსნა მოსთხოვეს. გუშინ დილით ის საოლქო კომისიაში მერაბ ოქრიაშვილმა თავისი მანქანით წაიყვანა და განცხადება დააწერინა. კანდიდატურის მოხსნის შემდეგ მას მოსთხოვეს, რომ “ქართული ოცნებიდან” ეყარა კენჭი, მაგრამ მან უარი თქვა. ზეწოლა იყო, ასევე, სარკინეთის თემის წარმომადგენელზე, ომარ გოგოჭურზე, რომელთანაც მივიდნენ და უთხრეს, რომ უშიშროების დავალებით იყვნენ მისულები და კანდიდატურის მოხსნა მოსთხოვეს, თუმცა, მან არ მოხსნა კანდიდატურა. ყველა ეს ადამიანი, რომელიც მე ჩამოვთვალე, “ქართული ოცნების” წევრია დღემდე, მათ შორის, ნაწილი საკრებულოს მოქმედი წევრები არიან, მაგრამ მათ, ისევე, როგორც მე, დამოუკიდებლად კენჭისყრა იმიტომ გადაწყვიტეს, რომ დმანისში “ქართული ოცნება” ოქრიაშვილის ოცნებამ ჩაანაცვლა.
მერაბ ოქრიაშვილზე 2012 წელს სისხლის სამართლის საქმეც იყო აღძრული სწორედ იმიტომ, რომ წინასაარჩევნოდ ოფისის ეზოში მანქანით შემოვარდა და ჩვენი მანქანები დაამტვირა. მაშინ დააკავეს კიდეც. სამწუხაროდ, დღესაც იგივე მეთოდებით გვებრძვის, როგორც მაშინ გვებრძოდა. სამწუხაროა, რომ ისევ 2012 წელში დავბრუნდით, ოღონდ ახლა ეს ადამიანები “ოცნების” მანტიამოსხმულები გვებრძვიან ამავე პარტიის წევრებსა და დამფუძნებლებს.
არქივი – ოქრიაშვილის ხულიგნობა დმანისში
– როგორც ვიცი, უწყებათაშორის კომისიას უკვე მიმართეთ. რა რეაგირება მოახდინა კომისიამ?
– ერთი კვირის წინ მივმართე უწყებათაშორის კომისიას, რომ შეესწავლა ეს საქმე. კომისიამ ჩემი განცხადება უკვე გადააგზავნა პროკურატურაში და გამოძიება დაიწყო.
– როგორც ვიცი, პროკურატურაში თქვენს წინააღმდეგაც აღიძრა საქმე. რას გედავებიან?
– როდესაც ინფორმაცია გავრცელდა, რომ ოქრიაშვილი მერობის კანდიდატად სხვის დასახელებას აპირებდა, მოსახლეობამ გადაწყვიტა, აქციები გაემართა, მაგრამ მე ხელი შევუშალე. შემდეგ მოაგროვეს 4500 ხელმოწერა და გააგზავნეს პარტიაში გიორგი კვირიკაშვილის, ირაკლი კობახიძის და პოლიტსაბჭოს სახელზე, რომ კვლავ მე მეყარა პარტიიდან კენჭი. მას შემდეგ, რაც მე დამოუკიდებელ კანდიდატად დავრეგისტრირდი, პროკურატურაში დამიბარეს. აღმოჩნდა, რომ გამგეობის სამ თანამშრომელს, რომლებიც ხელშეკრულების ვადის ამოწურვის შემდეგ გათავისუფლდნენ სამსახურიდან, ოქრიაშვილმა მაჟორიტარის, ანუ თავის სახელზე დააწერინა განცხადებები, თითქოს მე მათ მხარდამჭერი ხელმოწერების შეგროვება დავავალე, მათ ჩემი დავალება არ შეასრულეს და ამის გამო გავათავისუფლე სამსახურიდან. საინტერესოა, რომ სამივე ეს თანამშრომელი, რომელსაც ჩემი “უკანონო დავალება” არ შეუსრულებიათ, პრემიერის სახელზე გაგზავნილ განცხადებას ხელს აწერენ. ოქრიაშვილმა შემდგომ ეს განცხადება მთავარ პროკურატურაში შოთაძის სახელზე გადააგზავნა. მე უკვე ვიყავი მოწმის სახით დაკითხვაზე, და იქაც დავაფიქსირე, რომ ჩემი პოლიტიკური დევნა მიმდინარეობს. ოქრიაშვილი ღიად დამემუქრა, რომ ყველაფერს გააკეთებს, რომ მე კენჭი არ ვიყარო. გამგეობის წინ ყვიროდა, რომ გამგებელს დააჭერინებს. პარტიამ სხვა სამსახურიც შემომთავაზა, მაგრამ უარი ვთქვი. მე მერობაზე არ მაქვს ამბიცია, მე ამბიცია ღირსებაზე მაქვს.