“სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოებამ” 2017 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების წინასაარჩევნო გარემოს მონიტორინგის მეორე შუალედური ანგარიში გამოაქვეყნა. ანგარიში მოიცავს 2017 წლის 5-დან 25 სექტემბრის ჩათვლით პერიოდს.
საანგარიშო პერიოდში საარჩევნო კამპანია შესამჩნევად გააქტიურდა. „სამართლიანი არჩევნების“ დამკვირვებლები, 5 სექტემბრიდან 25 სექტემბრის ჩათვლით, საარჩევნო სუბიექტების მიერ გამართულ 252 საჯარო შეხვედრას დააკვირდნენ.
ორგანიზაციის დაკვირვებით, საანგარიშო პერიოდში გამოვლინდა სავარაუდოდ პოლიტიკური ნიშნით ზეწოლა–მუქარის 13, ძალადობრივი ქმედების 2, წინასაარჩევნო კამპანიისთვის ხელის შეშლის 4, აგიტაციაში უკანონოდ მონაწილეობის 9, ადმინისტრაციული რესურსის გამოყენების 3; ამომრჩევლის სავარაუდო მოსყიდვის 1, სააგიტაციო მასალების დაზიანების 4 შემთხვევა. გარდა ამისა, „სამართლიანი არჩევნების“ ყურადღების ცენტრში მოექცა საოლქო კომისიებში ინტერესთა კონფლიქტის 13 შემთხვევა; საუბნო საარჩევნო კომისიების დაკომპლექტების პროცესის ხარვეზების 5; ასევე, საეჭვო შემოწირულობების 2 და უფასო სამედიცინო სერვისის გაწევის 3 ფაქტი.
საანგარიშო პერიოდში განსაკუთრებული ტენდენციის სახით გამოიკვეთა ცალკეული საოლქო საარჩევნო კომისიის წევრების ინტერესთა კონფლიქტები, რაც გამოიხატება კომისიის წევრთა ოჯახის წევრების არჩევნებში სხვადასხვა პოლიტიკური პარტიის კანდიდატის სტატუსით მონაწილეობაში. მათგან, აღსანიშნავია, ასპინძის საოლქო საარჩევნო კომისიის მდივნის მეუღლე, რომელიც მმართველი პარტიის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატია ამავე ოლქში. ასევე, N56 ხობის საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის მოადგილის მეუღლე მმართველი პარტიის კანდიდატია. ე.წ. პროფესიული ნიშნით არჩეული კომისიის წევრების გარდა, ინტერესთა კონფლიქტის შემთხვევები გამოვლინდა პოლიტიკური პარტიების მიერ დანიშნული რამდენიმე წევრის შემთხვევაშიც. ინტერესთა კონფლიქტის მსგავსმა ფაქტებმა, შესაძლოა, შეარყიოს ნდობა საარჩევნო ადმინისტრაციისადმი და შეუქმნას საფრთხე საარჩევნო ადმინისტრაციის მიუკერძოებლობასა და ობიექტურობას.
საარჩევნო კამპანიის გააქტიურებასთან ერთად, შესამჩნევი გახდა სავარაუდოდ პოლიტიკური ნიშნით ოპოზიციური პარტიების წევრებისა და აქტივისტების მიმართ განხორციელებული ზეწოლა–მუქარის შემთხვევები. საგულისხმოა, რომ „სამართლიანი არჩევნების“ მიერ დაფიქსირებული 13 ფაქტიდან, 4 შემთხვევაში ოპოზიციური პარტიის კანდიდატებს სამსახურიდან გათავისუფლებით დაემუქრნენ. ანგარიშში მოყვანილი ზეწოლის ფაქტები ასევე შეიცავს ადმინისტრაციული რესურსის გამოყენების ნიშნებსაც.
გასული კვირის განმავლობაში ორ სხვადასხვა ოლქში უცნობმა პირებმა საუბნო საარჩევნო კომისიები დაარბიეს. ჩაამსხვრიეს შენობის მინები, გატეხეს კარი და დააზიანეს საარჩევნო დოკუმენტაცია. ორივე შემთხვევა მსგავსია და საარჩევნო ადმინისტრაციის ცნობით ფაქტების გამოძიება მიმდინარეობს.
საარჩევნო სუბიექტების საქმიანობაში ხელის შეშლა სხვადასხვა ფორმით გამოვლინდა, თუმცა, მათგან აღსანიშნავია თბილისში, მერობის დამოუკიდებელი კანდიდატის, ალექსანდრე ელისაშვილისთვის ამომრჩეველთან შეხვედრის ჩაშლის მცდელობა, რომელშიც ადგილობრივი თვითმმართველობის თანამდებობის პირი – გამგებლის მოადგილე და „ქართული ოცნების“ შტაბის თანამშრომლები ღებულობდნენ მონაწილეობას. კანდიდატის წარმომადგენლის განცხადებით, შეხვედრის ჩაშლის მომდევნო დღეს თვითმმართველობის წარმომადგენლებმა შეხვედრაზე მყოფ ამომრჩეველებზე ზეწოლა განახორცილეს.
ადმინისტრაციული რესურსის გამოყენება, ძირითადად, ადმინისტრაციული ორგანოს საკომუნიკაციო საშუალებების მმართველი პარტიის სასარგებლოდ გამოყენებაში გამოიხატა. „სამართლიანი არჩევნები“, ადმინისტრაციული რესურსის, აგიტაციის წესების დარღვევისა და უკანონო შემოწირულობის გამოყენების რისკებს 29 სექტემბერს დაგეგმილ საქველმოქმედო საფეხბურთო მატჩშიც ხედავს, რომელშიც მმართველი პარტიის თბილისის მერობის კანდიდატი – კახა კალაძე მსოფლიო ფეხბურთის ვარსკვლავებთან ერთად მიიღებს მონაწილეობას. აღნიშნული მატჩის ორგანიზებას ა(ა)იპ საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია ახორციელებს.
საანგარიშო პერიოდში დაფიქსირდა არაუფლებამოსილი პირების მონაწილეობა წინასაარჩევნო კამპანიაში. აგიტაციაში უკანონოდ ძირითადად ადგილობრივი თვითმმართველობების საჯარო მოხელეები მონაწილეობდნენ. 4 შემთხვევაში „სამართლიანმა არჩევნებმა“ საარჩევნო ადმინისტრაციას საჩივრით მიმართა და დამრღვევი პირებისთვის ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრება მოითხოვა.
იხილეთ მეორე შუალედური ანგარიში სრულად