უმაღლესი და პროფესიული სასწავლებლები სწავლის აუდიტორიებში განახლებას დღეიდან შეძლებენ

504

უმაღლეს სასწავლებლებს დღეიდან შესაძლებლობა ეძლევათ, სრულად აღადგინონ საგანმანათლებლო საქმიანობა და სალექციო პროცესი აუდიტორიებში განაახლონ. შესაბამისი გადაწყვეტილება უწყებათაშორისმა საკოორდინაციო საბჭომ კორონავირუსთან დაკავშირებული შეზღუდვების შემსუბუქების ფარგლებში მიიღო.

სწავლის არადისტანციურ რეჟიმში წარმართვას შეძლებენ პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებებიც.

განათლების მინისტრის მოადგილე ნუნუ მიცკევიჩის განცხადებით, საგანმანათლებლო დაწესებულებები უზრუნველყოფილია ვირუსის პრევენციისთვის საჭირო რესურსებით და დაცულია უსაფრთხოების ნორმები.

ამასთან, როგორც განათლების სამინისტროში განმარტავენ, არჩევანი ნებაყოფლობითია და საგანმანათლებლო დაწესებულებები, სამინისტროსთან კონსულტაციით, ინდივიდუალურად იღებენ გადაწყვეტილებას, სწავლების რომელ მოდელს აირჩევენ.

უნივერსიტეტები და პროფესიული სასწავლებლები კლინიკურ, პრაქტიკულ, ლაბორატორიულ კომპონენტებს, ასევე შიდა გამოცდებს არადისტანციურ ფორმატში, აუდიტორიებში პირველი მარტიდან ატარებენ, დღეიდან კი შესაძლებლობა აქვთ, სალექციო პროცესიც არადისტანციურ რეჟიმში, აუდიტორიებში წარმართონ.