თერჯოლის მერია ახალგაზრდების ინიციატივების გათვალისწინებას გეგმავს

369

თერჯოლის მუნიციპალიტეტის მერის, ლაშა გოგიაშვილის ინიციატივით ახალგაზრდებთან მორიგი შეხვედრა გაიმართა. აღნიშნული აქტივობის მიზანია მუნიციპალიტეტის განვითარების პროცესში ახალგაზრდების ჩართულობის მაქსიმალური ხელშეწყობა. ინფორმაციას თერჯოლის მერია ავრცელებს.

მუნიციპალიტეტის მერმა დაგეგმილი პროექტებისა და პროგრამების შესახებ ისაუბრა, რომლებიც ახალგაზრდების მზარდასაჭერად უნდა განხორციელდეს.

“ჩვენთვის პრიორიტეტულია გადაწყვეტილების მიღების პროცესში ახალგაზრდების ჩართულობა და მათი ინტერესების გათვალისწინება. ვფიქრობ ეს მიმართულება განსაკუთრებით უნდა იყოს გამოკვეთილი, რადგან თერჯოლაში ბევრი გონიერი ახალგაზრდა გვყავს და მათი შესაძლებლობები ჩვენი რაიონისა და ქვეყნის საკეთილდღეოდ უნდა მივმართოთ. მინდა აღვნიშნო, რომ ჩემთვის ძალიან სასიამოვნოა თითოეული მათგანის დამოკიდებულება, მათი გულწრფელობა, საქმისადმი ინტერესი და პასუხისმგებლობა. ეს არ არის შეხვედრა შეხვედრისთის, ჩვენი მიზანია მათი ინიციატივების გათვალისწინებით მოხდეს გარკვეული აქტივობების დაგეგმარება და განხორციელება, ასევე ჩვენი მხრიდან იქნება მაქსიმალური ხელშეწყობა ახალგაზრდობის სწავლებისა და დასაქმების პროცესში”, – განაცხადა ლაშა გოგიაშვილმა.

შეხვედრა დიალოგის რეჟიმში მიმდინარეობდა. მონაწილეებმა იმსჯელეს თერჯოლის მუნიციპალიტეტში საგანმანათლებლო, კულტურული სპორტული, ტურისტული აქტივობების განხორციელების გზებსა და შესაძლებლობებზე, ასევე, კონფერენციების, საჯარო ლექციების, ფორუმებისა და სხვა აქტივობების დაგეგმვაზე.

შეხვედრაზე გამოიკვეთა ის აქტივობები, რომლებიც სურთ, რომ თავიანთ მუნიციპალიტეტში განხორციელდეს;

მათი ინტერესების გათვალისწინებით მოეწყობა:
საქველმოქმედო ხასიათის გამოფენა-გაყიდვა;
მუსიკის ფესტივალი;
სპორტული ღონისძიებები;
თეატრალური დღეები;
სალონური საუბრები თემატიკით ,,მომავლის გზამკვლევი“;
ქუჩის მხატვრობა.

მუნიციპალიტეტის მერია ხელს შეუწყობს ახალგაზრდების ინიციატივების განხორცილებას.

აღნიშნულ შეხვედრას მუნიციპალიტეტის მერის მოადგილეები, განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის წარმომადგენლები დაესწრო.

მუნიციპალიტეტის გადაწყვეტილების მიმღები პირები პერიოდულად შეხვდებიან ახალგაზრდებს, მოისმენენ მათ ინიციატივებსა და რეკომენდაციებს, რაც გათვალისწინებული იქნება შემდგომ სამოქმედო გეგმაში.