ბათუმის მერიამ ველოსისტემის გენერალური გეგმის შემუშავების საკითხზე დაიწყო მუშაობა.
ბათუმის მერიის ინფორმაციით, აღნიშნულთან დაკავშირებით, საერთაშორისო და ადგილობრივ ექსპერტებთან ონლაინ შეხვედრა გაიმართა.
უწყების ცნობით, გენერალურ გეგმაში გათვალისწინებული იქნება პოტენციური ველომომხმარებლებისა და სხვა დაინტერესებული მხარეების საჭიროებები, ასევე, ასახული იქნება ინფრასტრუქტურასა და დიზაინის შემუშავებასთან დაკავშირებული რეკომენდაციები.
როგორც მერიაში განმარტავენ, გეგმის მიზანი ქალაქში ველოსიპედით გადაადგილების პირობების გაუმჯობესებაა.
არჩილ ჩიქოვანის თქმით, ბათუმის მერია აქტიურად მუშაობს მწვანე სატრანსპორტო სისტემების მოდერნიზების პროექტზე.
„პროექტის ერთ-ერთი შემადგენელი ნაწილი ველოსიპედით მოსარგებლეთა გადაადგილების გენერალური გეგმის შემუშავებაა, რაზედაც ჩვენ მუშაობა დღეს დავიწყეთ. ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების ჩართულობით, ადგილობრივი და საერთაშორისო ექსპერტების მონაწილეობით, მივიღებთ ჩარჩო დოკუმენტს, რომელიც მნიშვნელოვანია მომხმარებელთა სერვისების გასაუმჯობესებლად და მწვანე სატრანსპორტო სისტემების მოდერნიზებისათვის“, – განაცხადა არჩილ ჩიქოვანმა.
მისივე თქმით, პრაქტიკულად, რამდენიმე თვეში მზად იქნება პროექტი, რომელიც გაიზიარებს საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკას და იქნება მორგებული ადგილობრივ ინფრასტრუქტურაზე. ველოსიპედით გადაადგილების გენერალური გეგმის შემუშავება ხორციელდება „მდგრადი ურბანული მობილობა სამხრეთ კავკასიაში“ (Mobility4Cities) – რეგიონულ პროგრამასთან თანამშრომლობით, რომელიც დაფინანსებულია გერმანიის ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ფედერალური სამინისტროს (BMZ) მიერ.