ბათუმში 85 მილიონი ლარის საინვესტიციო პროექტი ხორციელდება. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ცნობით, აჭარის მთავრობის თავმჯდომარე მულტიფუნქციური კომპლექსის მშენებლობის პროცესს ადგილზე გაეცნო.
მათივე ინფორმაციით, “მზიური გარდენსის“ 5 ვარსკვლავიანი სასტუმროს ოპერირებას საერთაშორისო ბრენდი “CROWNE PLAZA” განახორციელებს. პროექტი ბრიტანული ინვესტიციით ხორციელდება.
“მზიური გარდენსის“ მშენებლობის პროცესში დასაქმებულია 300 მდე ადამიანი და ინვესტიცია 85 მილიონ ლარს შეადგენს.
როგორც რიჟვაძემ განაცხადა, პანდემიის მიუხედავად სამშენებლო სექტორი აქტიურად აგრძელებს პროექტების განხორციელებას ბათუმში.
„განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ ეკონომიკის აღდგენა შევძლოთ სწრაფად როგორც ტურიზმის ისე სამშენებლო სექტორის მიმართულებით და გვქონდეს კიდევ უფრო მეტი დინამიკა, ვინაიდან ეს ნიშნავს სამუშაო ადგილების შენარჩუნებას და შექმნას“,- განაცხადა თორნიკე რიჟვაძემ.
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ინფორმაციით, კომპანია “მზიური რეზორთი“ ასევე ახორციელებს მახინჯაურის ისტორიულად ცნობილი ბალნეოლოგიური კურორტის განვითარების პროექტს. კომპლექსი 60 ნომრიან სასტუმროს და გამაჯანსაღებელ ცენტრს მოიცავს.