ზუგდიდში ძაღლების თავშესაფართან დაკავშირებით ჯერ არაფერი არ გვაქვს დაგეგმილი, – უთხრეს “ლაივპრესს” მუნიციპალური განვითარების ფონდში. ფონდში აღნიშნეს, რომ კორონავირუსის პანდემიის გამო, ბიუჯეტში კორექტირება მოხდა და რაღაცები შეიცვალა.
ჯერ კიდევ შარშან, მაისში ფონდში აცხადებდნენ, რომ პროექტირება დასრულებულია, და რომ დონორთან მიმდინარეობდა მოლაპარაკება დაფინანსების საკითხზე. დონორის დამტკიცების შემდეგ კი ტენდერი გამოცხადდებოდა. დღეს ისევ გაურკვეველია, როდის ექნება ზუგდიდს მრავალჯერ დაანონსებული თავშესაფარი.
“ამ ეტაპზე არ გვიზის გეგმაში ძაღლების თავშესაფარი. შეიძლება შეიცვალოს ივნისის მდგომარეობით, ან სექტემბრის მდგომარეობით”, – განმარტეს მუნიციპალური განვითარების ფოდში და გვითხრეს, რომ დანარჩენი დეტალების გასარკვევად საჯარო ინფორმაციის წესით მივმართოთ და გვიპასუხებენ.
საქართველოს რეგიონული განვითარების სამინისტრომ ჯერ კიდევ 2018 წელს დააანონსა, რომ მიუსაფარ ცხოველთა თავშესაფარი ყველა რეგიონში აშენდებოდა 2019 წლის ბოლოსთვის. სამეგრელოში საამისოდ ზუგდიდი, სოფელი ჭითაწყარის ტერიტორია შეირჩა. შემდეგ, მუნიციპალური განვითარების ფონდმა თავშესაფრის პროექტირება 2019 წელს გამოაცხადა, რისთვისაც 155 ათასი ლარი გამოიყო.
თუმცა, თავშესაფრის მშენებლობაზე საუბრები 2-3 წლის წინ არ დაწყებულა. ჯერ კიდევ 2015 წლის აპრილში, ზუგდიდის საკრებულოს მაშინდელმა თავმჯდომარემ, მერაბ ქვარაიამ განაცხადა, რომ ყველაფერი გაკეთდებოდა იმისთვის, ქალაქში წლის ბოლოს უპატრონო ძაღლებისთვის თავშესაფარი აშენებულიყო. წლის ბოლოს კი მერმა ირაკლი გოგოხიამ თქვა, რომ ადგილობრივი ბიუჯეტიდან ვერ ახერხებდა მშენებლობისთვის საჭირო თანხის გამოყოფას.
არასამთავრობო ორგანიზაციების არაერთი რეკომენდაციის მუხედავად, თავშესაფრის მშენებლობის ხარჯი ზუგდიდის მერიამ არც 2016 წლის ბიუჯეტში არ გაითვალისწინა.
ზუგდიდს წლებია მიუსაფარი ძაღლების პრობლემა აწუხებს. ყოველწლიურად, ადგილობრივი ბიუჯეტიდან გამოიყოფა გარკვეული ოდენობის თანხა, ასეთი ძაღლების რომელიმე თავშესაფარში გადასაყვანად. ცხოველთა დამცველები უკვე წლებია მუნიციპალიტეტში თავშესაფრის მშენებლობას ითხოვენ.