USAID/Georgia-ის ეკონომიკური უსაფრთხოების პროგრამის მხარდაჭერით, კახეთის დანიშნულების მართვის ორგანიზაცია ღვინისა და გიდის ონლაინ სკოლას გახსნის. ინფორმაციას კახეთის ხმა ავრცელებს.
აღნიშნული პროგრამის ფარგლებში კახეთის მაშტაბით 14 მარანში გადაღებული თეორიული ვიდეო მასალები სპეციალურად შექმნილ ვებპლათფორმაზე განთავსდება.
DMO – ” Visit Kakheti-ს ხელმძღვანელი თინიკო ხანჯალიაშვილი აცხადებს, რომ ვიდეო ლექციები მოიცავს მრავალფეროვან თემატიკას/საკითხებს, მათ შორის მეღვინეების წარმატების ისტორიებსა და რჩევებსაც, რაც კავშირშია ღვინის ტურიზმის განვითარებასთან.
მისი თქმით, აღნიშნული ვიდეო პროდუქტები დაეხმარებიან,როგორც დამწყებ მეღვინეებს სწორად დაგეგმონ და განავითარონ საკუთარი პროდუქტი, ასევე ტურ-ოპერატორებს გაუწიონ პოპულარიზაცია ღვინის ტურიზმს და შეძლონ სერვისების ტურისტებისთვის შეთავაზება.
,,ღვინის ტურიზმი კახეთისთვის ერთ-ერთი სავიზიტო ბარათია, ამიტომ ეფექტურად და სწორად მიწოდებული ღვინის ტურიზმი ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია. USAID/Georgia-ის ეკონომიკური უსაფრთხოების პროგრამის მხარდაჭერით დავიწყეთ ღვინის და გიდის ონლაინ კლასის წარმოება. პროგრამა მოიცავს 14 თეორიულ ვიდეოს, რომელიც პროფესიონალების მიერ არის ჩაწერილი და გთავაზობთ ვიდეო რჩევებს კახეთის ცნობილი მეღვინეებისგან. აღნიშნული მეღვინეები არიან წარმატებულები, ტურიზმის კუთხით ოპერირებენ და შესაბამისად ვფიქრობთ მათი რჩევები და ლექციები მნიშვნელოვანი იქნება გიდებისათვის თავისი პროფესიული უნარ-ჩვევების განვითარების კუთხით. ასევე დაეხმარება ახალგაზრდა მეღვინეებს, რომ გაიგონ როგორ აწარმოონ ღვინო, როგორ გაყიდონ და სხვა”,- განაცხადა თინიკო ხანჯალიაშვილმა.