სუს-ში შვილის ნათლიების დაწინაურების შემდეგ, ვანის საკრებულოს წევრმა 22 მილიონი ლარის ტენდერი მოიგო

961

“ფლანგვის დეტექტორის” ინფორმაციით, ვანის საკრებულოს დეპუტატთან, მმართველი პარტიიდან, ბიჭიკო პაიკაძესთან დაკავშირებულმა ორმა კომპანიამ – “ჯორჯიან ენერჯიმ” და “ბიპი ტრანსმა” 2017-2020 წლებში 29 მილიონი ლარის ტენდერები მოიგო.

როგორც “ფლანგვის დეტექტორი” წერს, ბიჭიკო პაიკიძის კომპანიებთან ხელშეკრულებებს სახელმწიფო ორგანოები მას შემდეგ აფორმებენ, რაც მისი ერთ-ერთი კომპანია RMG Gold-თან ერთად საყდრისის აფეთქების სამუშაოებში ფიგურირებდა.

“ბიჭიკო პაიკიძის შვილის ერთი ნათლია სუს-ის მოქმედი უფროსი, გრიგოლ ლილუაშვილია, ხოლო მეორე – სუს-ის უფროსის მოადგილე გიგა ნიკოლეიშვილი, წარმოშობით ვანელები.
2016 წელს ბიჭიკო პაიკიძემ და მისი ერთ-ერთი კომპანიის დირექტორმა ქართულ ოცნებას ჯამში 72,000 ლარი შესწირეს. 2014 წელს პაიკიძის კომპანია “ჯორჯიან ენერჯი” RMG Gold-ის ქვეკონტრაქტორი იყო, რომელსაც კულტურის სამინისტრომ საყდრისის ძეგლის აფეთქების უფლება მისცა,”- წერს ფლანგვის დეტექტორი.

“ფლანგვის დეტექტორის” ცნობით, ბიჭიკო პაიკიძე 2017 წლიდან “ქართული ოცნების” ვანის საკრებულოს დეპუტატია. დეპუტატობამდე და შემდეგაც მისი სახელი რამდენიმე კომპანიაში ფიქსირდებოდა, რომლებიც მრავალმილიონიან სახელმწიფო ტენდერებს იგებდნენ.

“ბიჭიკო პაიკიძის შპს B.P. თღANშ-ი მას შემდეგ იწყებს სახელმწიფო ტენდერებში გამარჯვებას, რაც სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ჯერ უფროსის მოადგილე, ხოლო შემდგომ სამსახურის უფროსი მისი შვილის ნათლია, გრიგოლ ლილუაშვილი ხდება (2019 წლის იანვარში იგი მოადგილედ დაინიშნა, ოქტომბერში კი უფროსი გახდა). Ასევე, მისი შვილის ნათლიაა სუს-ის უფროსის ამჟამინდელი მოადგილე გიგა ნიკოლეიშვილიც.

საბოლოო ჯამში, ვანის საკრებულოს მოქმედმა დეპუტატმა და სუს-ის მაღალჩინოსნებთან დაახლოებულმა პირმა ბიჭიკო პაიკიძემ, მასთან დაკავშირებული 2 კომპანიით, 2017-2020 წლებში 28,920,954 ლარის სახელმწიფო ტენდერში გაიმარჯვა, საიდანაც 21,739,737 ლარი ისეთ სამუშაოებზე მოდის (გზების რეაბილიტაცია), რომლის შესრულების გამოცდილებაც წარსულში მის კომპანიას არ ჰქონია. Ამავე დროს, ის არის ქართული ოცნების ოფიციალური შემომწირველიც არის.

2016 წელს მას პარტიისთვის ოფიციალურად შეწირული აქვს 12,000 ლარი. Ქართული ოცნების მსხვილი შემომწირველია აგრეთვე მისი ერთ-ერთი კომპანიის დირექტორი გიორგი კვაჩიძე, რომელმაც მმართველ პარტიას 2016 წელს 60,000 ლარი შესწირა.

ბიჭიკო პაიკიძე დიდი გავლენით სარგებლობს ვანის მუნიციპალიტეტში, საიდანაც აგრეთვე წარმოშობით არიან მისი შვილის ნათლიები – სუს-ის უფროსი და მისი მოადგილე. Ამავე დროს, 2017 წლიდან ის არის ვანის საკრებულოს დეპუტატი მმართველი პარტიიდან და წინასაარჩევნო პერიოდში გამოირჩევა მმართველი პარტიის სასარგებლო აქტივობებით,”- წერს “ფლანგვის დეტექტორი”.