საბა ბუაძე: ქალაქის მერი კიდევ ერთხელ გვაჩვენებს თავის ამორალურ სახეს, როცა საკრებულოში არ მოვა და მივა საახალწლო ნაძვის ხეზე – კალაძეს კრიტიკული კითხვების მოსმენა არ სურს

397

“ლელოს” წევრის, საბა ბუაძის განცხადებით, თბილისის მერს, კახა კალაძეს დედაქალაქის საკრებულოში მისვლის ეშინია.

როგორც მან საკრებულოს დღევანდელ სხდომაზე აღნიშნა, მას კრიტიკული კითხვების მოსმენა არ სურს.

“ასეთ ვითარებაში, ასეთი მზარდი სიკვდილიანობისა და სიღარიბის პირობებში ახალი წლის პომპეზურად აღნიშვნა არის უბრალოდ ამორალური. კიდევ ერთხელ ქალაქის მერი დაადასტურებს და გვაჩვენებს თავის ამორალურ სახეს, როცა არ მოვა აქ და მივა საახალწლო ნაძვის ხეზე, ეს არის ძალიან სამწუხარო და კიდევ ერთხელ ადასტურებს იმას, რომ მერს საკრებულოში მოსვლა ეშინია, ეშინია მათ შორის კრიტიკული კითხვის მოსმენა იმიტომ, რომ როგორც ჩანს, კრიტიკული კითხვა, კრიტიკული ინსტიტუციები ამ ხელისუფლებისთვის ძალიან სერიოზული, ეგზისტენციალური საფრთხის შემცველია. ჩვენ ეს ვნახეთ სახელმწიფო ინსპექტორის მაგალითზე, როდესაც განსხვავებული მოსაზრების გამო, მმართველმა პარტიამ და პირადად ივანიშვილმა განიზრახა, რომ გააუქმოს სახელმწიფო ინსპექტორის აპარატი. ეს კარგად აჩვენებს იმას, რამდენად მიუღებელია მმართველი გუნდისთვის განსხვავებული აზრი”, – განაცხადა ბუაძემ.

საპასუხოდ, საკრებულოს თავმჯდომარემ, გიორგი ტყემალაძემ საბა ბუაძეს მიმართა: “ყველამ კარგად ვნახეთ იმ საახალწლო ღონისძიებაზე რამდენი ადამიანი იყო და სხვადასხვა ღონისძიებებზე თქვენი მონაწილეობით რამდენი ადამიანი დადის. ამიტომ, თქვენით ნუ საზღვრავთ. ახალი წელიც უნდა ჰქონდეს ჩვენს ქალაქს, დღესასწაულიც და ყველაფერიც. ეს შეიძლება თქვენ არ გინდათ”.