ჩხოროწყუს საკრებულოს წევრმა, ჯონი ჯალაღონიამ პარტია „საქართველოსთვის“ დატოვა

433

ჩხოროწყუს საკრებულოს წევრმა “გახარია საქართველოდან”, ჯონი ჯალაღონიამ პარტია დატოვა. ის ამბობს, რომ ბევრი ფიქრის შემდეგ “ერთადერთი სწორი გადაწყვეტილება” მიიღო. მისი თქმით, ეს პრინციპული გადაწყვეტილება მიაღებინა იმ გარემოებამ, რომ დარწმუნდა, წარსულში ბრუნდებოდნენ – “ნაციონალური მოძრაობის” და “საქართველოსთვის” კოალიციური გაერთიანებით, სადაც ძირითადი ძალა სწორედ ენმ იქნებოდა. ამის შესახებ ლაივპრესი წერს.

ჯონი ჯალაღონიას განცხადებით, ეს ამომრჩევლის დაკვეთა არ ყოფილა.

“მიუხედავად ამისა, მე მაინც ღიად დავუჭირე მხარი პარტია “საქართველოსთვის” პარტიის ჩხოროწყუს საკრებულოს თავმჯდომარეობის კანდიდატს. მეორე მიზეზი ბევრ სხვა მიზეზებს შორის ის იყო, რაც პირად შეურაცხყოფად აღვიქვი, რომ ყველა არჩევნების წინ, სხვადასხვა სახის მონიშვით ხმის მიცემის დირექტივა, რაც საკმარისი გახდა მიმეღო გადაწყვეტილება პარტიის დატოვების შესახებ. მე მოვუწოდებ ყველა ჩემს კოლეგას, ვისაც მართლა დამოუკიდებლად უნდა ემსახუროს ჩვენს მოსახლეობას და ქვეყანას, შემოგვიერთდით და ყოველგვარი პარტიული ნიშნის გარეშე თავისუფალი ვიყოთ გადაწყვეტილებების მიღებაში და ასე ვაკეთოთ ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტისათვის საჭირო კეთილი საქმეები”, – წერს ჯონი ჯალაღონია სოციალურ ქსელში.

ჩხოროწყუს საკრებულოს ოპოზიციონერი თავმჯდომარე ჰყავს. საკრებულოს თავმჯდომარედ გიორგი გახარიას პარტიის წევრი შოთა წურწუმია „ნაციონალური მოძრაობისა“ და „ლელოს“ მხარდაჭერით 23 დეკემბერს აირჩიეს. მას მხარი 14-მა დეპუტატმა დაუჭირა. მათ შორის ენმ-ის წევრებმა. გაბათილდა ერთი ბიულეტენი.

მმართველი პარტია სხდომას ესწრებოდა, თუმცა კენჭიყრაში მონაწილეობა არ მიუღია. მათ არც კანდიდატურა დაუყენებიათ, რადგან თქვეს, რომ ოპოზიცია ერთმანეთში უკვე შეთანხმებული იყო.

პარტია “ქართული ოცნება” გამოეხმაურა ჩხოროწყუს საკრებულოში განვითარებულ მოვლენებს. პარტიის პოლიტსაბჭოს წევრის, სოზარ სუბარის განცხადებით, მთელი წინასაარჩევნო პერიოდის განმავლობაში მმართველი პარტია ამბობდა, რომ გიორგი გახარიას პარტია “საქართველოსთვის” და “ნაციონალური მოძრაობა” საერთო თამაშს თამაშობდნენ, საკუთარი ქმედებებით კი გიორგი გახარია სწორედ “ნაციონალური მოძრაობის” წისქვილზე ასხამდა წყალს.