ხულოს მეწყერსაშიშ ზონაში მცხოვრებლები აჭარის მთავრობის სახლთან საპროტესტო აქციას მართავენ

680

აჭარის მთავრობის სახლთან საპროტესტო აქცია მიმდინარეობს. ხულოს ორი სოფლის, წაბლანისა და წაბლიანის მოსახლეობა აცხადებს, რომ ადგილობრივი ხელისუფლების მიერ მათთვის ბათუმში გადაცემულ ბინებში საცხოვრებელი პირობები არ არის.

აღნიშნულ სოფლებში 1989 წელს მეწყერის გამო 22 ადამიანი დაიღუპა. მეწყერსაშიშ ტერიტორიაზე მცხოვრებლების პრობლემის მოგვარების მიზნით, იძულებით გადაადგილებულ და ეკოემიგრანტ ოჯახებს ახალაშენებულ კორპუსში ბინები გადაეცათ, თუმცა როგორც ეკოემიგრანტები აცხადებენ, მათ ე.წ. შავი კარკასის მდგომარეობით ბინები შესთავაზეს.

მეწყერსაშიშ ზონაში მცხოვრები ოჯახები მიიჩნევენ, რომ ხელისუფლება დისკრიმინაციულად მოექცა და ბინების გარემონტებას პერმანენტული აქციებით ითხოვენ. პროტესტის ნიშნად, გასულ წელს ორივე სოფელმა არჩევნებში მონაწილეობაზე უარი თქვა.

„ჩვენ სხვა გზა არ გვაქვს. არ გვაქვს შესაძლებლობა, ბინები გავარემონტოთ. რაც მოგვცეს, ისიც უხარისხოა, ფასადიდან წყალი შემოდის, ლიფტების მუშაობა შეფერხებულია. ჩვენი მოთხოვნა თუ არ დაკმაყოფილდა, ჩვენს სოფელში აშენებულ ჰესს პიკეტირებას გავუკეთებთ და არ ვამუშავებთ“, – ამბობს აქციის ერთ-ერთი მონაწილე გურამ შაინიძე.

აქცია მას შემდეგ დაიშალა, რაც აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ ხუთ მონაწილესთან შეხვედრა დანიშნა.