ქარელის მერიამ საბიუჯეტო რესურსი დახარჯა ისეთ ობიექტებზე, რომლებსაც მოვლა-პატრონობას ვერ უწევს და ვერ იყენებს, – ვკითხულობთ სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მიერ მომზადებულ ანგარიშში, რომელსაც Droa.ge უცვლელად გთავაზობთ.
2018-2019 წლებში ქარელის მუნიციპალიტეტმა 7 სკვერის მოსაწყობად 103 100 ლარი დახარჯა. თუმცა, აუდიტის ჯგუფმა მერიის წარმომადგენლებთან ერთად დაათვალიერა მოწყობილი სკვერები და აღმოჩნდა, რომ ორი სკვერი, სოფლებში ქვენატკოცსა და ზღუდერში, ღირებულებით 23.3 ათასი ლარი, არ არის მოვლილი და არ ფუნქციონირებს.
აღსანიშნავია, რომ მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებულია ა(ა)იპ – ქარელის კეთილმოწყობის ცენტრი, რომელიც განკარგავს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებულ სხვა სკვერებს, გარდა სოფელ ქვენატკოცისა და სოფელ ზღუდერის სკვერებისა.
სახელმწიფო აუდიტის სამსახურის დასკვნის მიხედვით, მუნიციპალიტეტმა საბიუჯეტო რესურსი დახარჯა ისეთ ობიექტებზე, რომლებსაც მოვლა-პატრონობას ვერ უწევს და ვერ იყენებს. შედეგად, მერიამ გასწია 23.3 ათასი ლარის არაეფექტიანი ხარჯი და ვერ მიაღწია პროექტების განხორციელებით განსაზღვრულ შედეგებს.
აუდიტის რეკომენდაციაა, მერიამ დანერგოს კონტროლის სათანადო მექანიზმები, განსაზღვროს პასუხისმგებელი პირები და მუდმივი მონიტორინგის გზით, უზრუნველყოს ინფრასტრუქტურული პროექტების შემდგომი მოვლა-პატრონობა.