აუდიტი: ქარელის მუნიციპალიტეტმა 2018-2019 წლებში ინფრასტრუქტურული პროექტები დროულად ვერ განახორციელა და დააგროვა არსებითი მოცულობის ნაშთი

364

ქარელის მუნიციპალიტეტმა 2018-2019 წლებში ინფრასტრუქტურული პროექტები დროულად ვერ განახორციელა და დააგროვა არსებითი მოცულობის ნაშთი, – ვკითხულობთ სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მიერ მომზადებულ ანგარიშში, რომელსაც Droa.ge უცვლელად გთავაზობთ.

“ქარელის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის შესრულების მაჩვენებლებზე დაყრდნობით, 2018-2019 წლების შემოსულობებმა − 36,507.0 ათასი ლარი, ხოლო გადასახდელებმა – 34,459.2 ათასი ლარი შეადგინა.

ბიუჯეტის ფაქტობრივი და გეგმური მაჩვენებლები წარმოდგენილია ცხრილში:

აუდიტის ცნობით, 2018-2019 წლებისათვის მუნიციპალიტეტმა „არაფინანსური აქტივების ზრდის“ მუხლი არასათანადოდ შეასრულა. კერძოდ, მერიამ წლის ბოლომდე ვერ აითვისა ინფრასტრუქტურული პროექტების განსახორციელებლად გამოყოფილი თანხები.

“საანგარიშო პერიოდში მუნიციპალიტეტი ფლობდა მნიშვნელოვანი მოცულობის საბიუჯეტო ნაშთებს, კერძოდ, 2018 წლის პირველი იანვრის მდგომარეობით, მუნიციპალიტეტს ბალანსზე ნაშთის სახით ერიცხებოდა 368.2 ათასი ლარი, რომლის ხარჯვა დაიგეგმა 2018 წელს, თუმცა ნაშთის ცვლილებით გამოწვეულმა ფულადი სახსრების დაგროვებამ 1,109.8 ათასი ლარი შეადგინა.

შესაბამისად, პერიოდის ბოლოს დაფიქსირდა 1,478.0 ათასი ლარის ნაშთი, საიდანაც 375.4 ათასი ლარი თავისუფალი ნაშთია.7 2019 წელს მუნიციპალიტეტმა დაგეგმა 1,457.6 ათასი ლარის გამოყენება, თუმცა წინა წლის მსგავსად დააგროვა 938.0 ათასი ლარი. საბოლოოდ, წლის ბოლოსათვის საბიუჯეტო ნაშთმა 2,416.0 ათასი ლარი შეადგინა. აქედან, 316.0 ათასი ლარი თავისუფალი ნაშთია”, – ვკითხულობთ ანგარიშში.

სახელმწიფო აუდიტის სამსახურის დასკვნის მიხედვით, არსებული ფინანსური რესურსების არაეფექტიანი მართვის გამო, მუნიციპალიტეტმა 2018-2019 წლებში ვერ უზრუნველყო ბიუჯეტით დაგეგმილი ინფრასტრუქტურული პროექტების დროულად განხორციელება და დააგროვა არსებითი მოცულობის ნაშთი (მათ შორის, თავისუფალი ნაშთი). აღნიშნული მიუთითებს მუნიციპალიტეტის მფლობელობაში არსებული ფინანსური რესურსების არაეფექტიან მართვაზე.

აუდიტის რეკომენდაციაა, ფინანსური რესურსების რაციონალური მართვის უზრუნველყოფის მიზნით, მუნიციპალიტეტის მერიამ ბიუჯეტით გათვალისწინებული ასიგნებები გამოიყენოს შესაბამისი წლის ბიუჯეტით დაგეგმილი პროგრამების/ქვეპროგრამების მიზნების და მოსალოდნელი შედეგების
მისაღწევად. ამასთანავე, ბიუჯეტი დაგეგმოს იმგვარად, რომ არ დაუშვას ნაშთის უკონტროლო დაგროვება და არსებული ნაშთი მიმართოს ბიუჯეტით გათვალისწინებული პროგრამების დასაფინანსებლად.