ზუგდიდში მოხეტიალე, მიუსაფარი ძაღლების თავშესაფარში განთავსების მომსახურებაზე გამოცხადებულ ტენდერში მონაწილეობა მხოლოდ ერთმა კომპანიამ, შპს “ვექტრამ” მიიღო. ამ ეტაპზე ხელშეკრულების მომზადების პროცესი მიმდინარეობს. ინფორმაციას ლაივპრესი ავრცელებს.
კომპანია აღნიშნულ მომსახურებას ზუსტად იმ ფასად გასწევს, რაც ტენდერის თანახმად, შესყიდვის სავარაუდო ღირებულება იყო. ეს თანხა 21 240 ლარს შეადგენს.
ზუგდიდიდან მიუსაფარ ძაღლებს ოზურგეთის თავშესაფარში გადაიყვანენ. ეს ის თავშესაფარია, რომლის მისამართითაც არაერთგზის ჰქონდათ პრეტენზიები არასამთავრობო ორგანიზაციებს თუ ცხოველთა დამცველებს, სამოქალაქო აქტივისტებს. ისინი მაშინ ცხოველებისადმი სასტიკ მოპყრობასა და ადგილზე შექმნილ მძიმე პირობებზე საუბრობდნენ.
კომპანიაში “ლაივპრესს” დაეთანხმნენ, რომ ადრე მართლაც იყო პრეტენზიები ამ თავშესაფრის მიმართ, თუმცა დღეს ირწმუნებიან, რომ ვითარება გამოსწორდა და კარგი პირობებია შექმნილი. თავის მხრივ ამბობენ, რომ ცხოველთა დაჭერა-გადაყვანა ჰუმანური გზებით მოხდება, ტენდერის მოთხოვნების შესაბამისად.
შპს “ვექტრა” ოზურგეთში რეგისტრირებული კომპანიაა. მან ადრე, 2018 წელსაც მიიღო აღნიშნულ ტენდერში მონაწილეობა, თუმცა მაშინ დისკვალიფიკაცია მისცეს არასრულყოფილი დოკუმენტაციის წარმოდგენისთვის.
ოზურგეთის თავშესაფრის უფროსმა გიორგი მაღლაკელიძემ “ლაივპრესს” 2018 წელს უთხრა, რომ ინფრასტრუქტურა გააუმჯობესეს და ევროპულ სტანდარტებს მიუახლოვეს. მან უარყო ბრალდებები, ძაღლებთან სასტიკი მოპყრობის შესახებ.
წელს თავშესაფარში 180 ძაღლს გადაიყვანენ. მანამდე ადგილობრივ მერიაში გვითხრეს, რომ საჭიროების შემთხვევაში ეს რიცხვი გაიზრდება. გამარჯვებულმა კომპანიამ მომსახურება ხელშეკრულების დადებიდან 2021 წლის 31 დეკემბრამდე უნდა გასწიოს.
გასულ წელს 250 ძაღლის თავშესაფარში გადაყვანაზე 30 ათასი ლარი გამოიყო. 30 ათას ლარამდე გამოიყო შარშანწინაც.
ზუგდიდში წლებია გადაუჭრელი პრობლემაა მიუსაფარი ცხოველები. თავშესაფრის მოწყობის მოთხოვით საპროტესტო აქციებიც გაიმართა. მართალია მისი მშენებლობა ადგილობრივი ხელისუფლების მხრიდან წლების განმავლობაში არაერთგზის დაანონსდა, თუმცა ჩანაფიქრი დღემდე განუხორციელებელია.
მუნიციპალური განვითარების ფონდში ამბობენ, რომ თავშესაფრის პროექტირება დასრულებულია და როგორც კი დონორი დამტკიცდება, მშენებლობის ტენდერიც გამოცხადდება.