დაცული ტერიტორიების ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 2021 წელს „ერუშეთის ეროვნულ პარკში“ ექვსი თანამშრომელი დასაქმდება, მათ შორის დაინიშნება პარკის დირექტორიც. ინფორმაციას სამხრეთის კარიბჭე ავრცელებს.
მათივე ცნობით „ერუშეთის ეროვნულ პარკი“ ამ ეტაპზე ჩამოყალიბების პროცესშია.
„2021 წელს, დაგეგმილია ექვსი თანამშრომლის დასაქმება, მათ შორის დირექტორის, დაცვის უფროსისა და რეინჯერების. ასევე მიმდინარე წელს იგეგმება ახალი თანამშრომლების გადამზადება და საჭირო ტექნიკით და აღჭურვილობით უზრუნველყოფა. დასრულდება ტერიტორიების მიღება-ჩაბარების პროცესი, რომელიც შესაძლოა რამდენიმე თვე გაგრძელდეს. ვიზიტორთა ცენტრისა და ადმინისტრაციული შენობის განსათავსებლად, შეირჩევა ტერიტორიები, შემდეგ დაპროექტება დაიწყება“, – აცხადებენ სააგენტოში.
ერუშეთის ეროვნული პარკი ახალციხეში მთელს ურაველის ხეობას, ასევე, სოფელ წყალთბილის მხარეს მოიცავს, ასპინძაში იგი ზველისა და ჭობარეთის მიმდებარედ გრძელდება. ეს არის ის ადგილები, რომლებიც ფლორითა და ფაუნით მდიდარია. მისი ფართობი 11 385 ჰექტარი იქნება. ერუშეთის ეროვნული პარკი ერთგვარი ტრანსსასაზღვრო ზოლიც იქნება, რადგან დაცული ტერიტორია გრძელდება თურქეთის მხარესაც.
ცნობისათვის, 2020 წელს საქართველოს დაცული ტერიტორიების ფართობი 122 374 ჰა-ით გაიზარდა. დღეისათვის შეადგენს 793 351 ჰა–ს, რაც ქვეყნის ტერიტორიის 11.38%-ია. 2020 წელს, შეიქმნა 3 ახალი დაცული ტერიტორია და გაფართოვდა ერთი.
ჯამში 2020 წელს საქართველოს დაცული ტერიტორიების ფართობი -122 374 ჰა-ით გაიზარდა. დღეის მდგომარეობით, საქართველოში (IUCN-ის კრიტერიუმების მიხედვით) 5 სხვადასხვა კატეგორიის 93 დაცული ტერიტორიაა, კერძოდ: 14 სახელმწიფო ნაკრძალი, 13 ეროვნული პარკი, 40 ბუნების ძეგლი, 23 აღკვეთილი და 3 დაცული ლანდშაფტი.