რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს, მაღალმთიანი დასახლებების განვითარების 2021 – 2023 წლების სტრატეგიის მიხედვით, სამცხე-ჯავახეთში ორი წლის განმავლობაში, ტურიზმის განვითარების ხელშეწყობისთვის 16-მდე ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელებაა დაგეგმილი. ინფორმაციას სამხრეთის კარიბჭე ავრცელებს.
პროექტებს შორის, რომლის განხორციელებაც მაღალმთიან დასახლებებში იგეგმება, ყველაზე მეტი აქტივობა ბაკურიანშია დაგეგმილი. გეგმის მიხედვით, მომდევნო ორი წლის განმავლობაში, ბაკურიანში პარკის კეთილმოწყობისთვის 3 მილიონი ლარია განსაზღვრული. სამუშაოებს მუნიციპალური განვითარების ფონდი უზრუნველყოფს.
თხილამურებსა და სნოუბორდში თავისუფალი სტილით სრიალში 2023 წლის მსოფლიო ჩემპიონატის ჩასატარებლად, ბაკურიანში, ასევე, იგეგმება ხელოვნური გათოვლიანების სისტემისა და წყლის ხელოვნური რეზერვუარის, მშენებლობა. ამისთვის და კიდევ ყაზბეგის, მესტიის, ნინოწმინდის, ახმეტის, ლენტეხისა და ბორჯომის მუნიციპალიტეტებში საბაგიროების მშენებლობისთვის ჯამში 234 000 000 ლარი დაიხარჯება.
დაბა ბაკურიანში 2023 წლამდე უნდა გაკეთდეს ბიატლონის ტრასის მოწყობა, რისთვისაც 65 000 000 ლარია განსაზღვრული.
გეგმის მიხედვით, გუდაურის, ბაკურიანის, თეთნულდისა და ჰაწვალის სამთო-სათხილამურო კურორტებზე საპირფარეშოების მოსაწყობად კი 3 მილიონი უნდა დაიხარჯოს. დაგეგმილია, ასევე, ამავე კურორტების სპეცტექნიკით აღჭურვა, რისთვისაც 10 000 000-ია განსაზღვრული.
2 მლნ ლარია განსაზღვრული ასპინძის მუნიციპალიტეტში, სოფელ საროში დარბაზული ტიპის სახლისა და მის მიმდებარედ ტურისტული ინფრასტრუქტურის მოსაწყობად.
გეგმაში საუბარია, ასევე, სამცხე-ჯავახეთში, იმერეთსა და სამეგრელო-ზემო სვანეთში მინიმუმ 7 სამთო-სალაშქრო ბილიკის მონიშვნასა და მცირე ტურისტული ინფრასტრუქტურის მოწყობაზე, რაშიც 450 ათასი ლარი უნდა დაიხარჯოს.
მომდევნო სამ წელში იგეგმება სოფელ ფოკაში, ფარავნის ტბის ჯებირისა და წმინდა ნინოს სახელობის დედათა მონასტერთან ინფრასტრუქტურის მოწყობაც. ამ სამუშაოებისთვის სახელმწიფო ბიუჯეტიდან 3 მილიონზე მეტი დაიხარჯება.
საერთო ჯამში, გეგმის თანახმად მაღალმთიანი სტატუსის მქონე 1798 დასახლებაში, სამი წლის განმავლობაში, 51 აქტივობაა დაგეგმილი, რისთვისაც ბიუჯეტიდან 956 მლნ. ლარი დაიხარჯება.