“საარჩევნო კოდექსში“ დაგეგმილი ცვლილებების თანახმად, გასაჩივრების ვადები იზრდება.
კერძოდ, სამუშაო ჯგუფის ფარგლებში მომზადებული პროექტის გათვალისწინებით, საუბნო საარჩევნო კომისიის/საუბნო საარჩევნო კომისიის ხელმძღვანელი პირის გადაწყვეტილება მისი მიღებიდან 2 კალენდარული დღის ვადაში შეიძლება გასაჩივრდეს შესაბამის საოლქო საარჩევნო კომისიაში, რომელიც საჩივარს 4 კალენდარული დღის ვადაში იხილავს. საოლქო საარჩევნო კომისიის გადაწყვეტილება 2 კალენდარული დღის ვადაში შეიძლება გასაჩივრდეს შესაბამის რაიონულ/საქალაქო სასამართლოში, რომელიც საჩივარს 2 კალენდარული დღის ვადაში იხილავს. რაიონული/საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება მისი მიღებიდან 1 კალენდარული დღის ვადაში შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო სასამართლოში, რომელიც საჩივარს იხილავს 2 კალენდარული დღის ვადაში.
სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
საოლქო საარჩევნო კომისიის/კომისიის ხელმძღვანელი პირების გადაწყვეტილებები მათი მიღებიდან 2 კალენდარული დღის ვადაში შეიძლება გასაჩივრდეს ცესკოში, რომელიც საჩივარს იხილავს მისი მიღებიდან 2 კალენდარული დღის ვადაში. ცესკოს გადაწყვეტილება მისი მიღებიდან 2 კალენდარული დღის ვადაში შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში. თბილისის საქალაქო სასამართლო საჩივარს იხილავს 2 კალენდარული დღის ვადაში. თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს გადაწყვეტილების გამოტანიდან 1 კალენდარული დღის ვადაში სააპელაციო სასამართლოში. სააპელაციო სასამართლო გადაწყვეტილებას იღებს საჩივრის შეტანიდან 2 კალენდარული დღის ვადაში.
სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
ასევე, შესაძლებელი გახდება ცესკო-ს თავმჯდომარის, აგრეთვე ცესკო-სგან უფლებამოსილი პირების (თანამდებობის პირების) მიერ საქართველოს საარჩევნო კანონმდებლობის დარღვევასთან დაკავშირებით სამართალდარღვევის ოქმის შედგენაზე უარის თქმის შესახებ მიღებული გადაწყვეტილების 2 კალენდარული დღის ვადაში გასაჩივრება სასამართლოში, რომელიც საჩივარს 10 კალენდარული დღის ვადაში განიხილავს.