DRI: ოკუპირებულ აფხაზეთში ცდილობენ, თბილისში სწავლის მსურველთა რაოდენობა შემცირდეს

439

დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტში (DRI) აცხადებენ, რომ ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო მთავრობა რუსეთის ფედერაციასთან მოლაპარაკებებს აწარმოებს, რომ გალის რაიონიდან წასული აბიტურიენტებისთვის რუსეთში უმაღლესი განათლების სრულ დაფინანსებას მიაღწიოს. შეთანხმების შემთხვევაში, გალის სკოლადამთავრებულებს რუსეთში უმაღლესი განათლების სრულად დაფინანსების შესაძლებლობა ექნებათ.

DRI-ს ინფორმაციით, აფხაზეთის დე ფაქტო განათლების მინისტრი, ინალ გაბლია გალის რაიონის მოსწავლეებს 23 თებერვალს ეწვია და სკოლების მასწავლებლებს და ადმინისტრაციის წარმომადგენლებს შეხვდა. არასამთავრობო ორგანიზაციის საკონტაქტო პირის ინფორმაციით, შეხვედრაზე იმ გალელ ახალგაზრდებთან დაკავშირებით ისაუბრეს, რომლებიც უმაღლესი განათლების მისაღებად სოხუმის ნაცვლად თბილისში წასვლას არჩევენ.

“გაბლიამ გამოთქვა იმედი, რომ ეს ინიციატივა თბილისში სწავლის მსურველთა რაოდენობას შეამცირებს. დე ფაქტო ხელისუფლების ეს მიდგომა ბოლო 3 წელია განსაკუთრებით აქტუალურია. თუმცა, ამ ეტაპზე, გალელი ახალგაზრდების დიდ ნაწილს სწავლის გაგრძელება ისევ თბილისის უმაღლეს სასწავლებლებში სურს”, — აღნიშნავენ DRI-ში.

დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტს მიაჩნია, რომ ინიციატივის განხორციელების შემთხვევაში, აფხაზეთის დეფაქტო ხელისუფლების საგანმანათლებლო პოლიტიკა გალის მცხოვრებლების ქართულ მხარესთან კონტაქტის შესაძლებლობებს კიდევ უფრო შეამცირებს.

წლებია, გალში მცხოვრები ახალგაზრდების ნაწილი უმაღლესი განათლების მისაღებად არჩევანს თბილისის უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებზე აკეთებს. ამ ფაქტზე ყურადღებას დეფაქტო მთავრობაც ამახვილებს.

DRI-ში აცხადებენ, რომ აფხაზეთში ყველაზე ნაკლებად ეთნიკურ ქართველთა უფლებებია დაცული. შესაბამისად, საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდებენ, დროულად გადადგას ეფექტიანი ნაბიჯები ოკუპაციით, კონფლიქტითა და პანდემიით შექმნილი მძიმე ჰუმანიტარული ვითარების შესამსუბუქებლად.