მარნეულის მუნიციპალიტეტის მერია სოფელ მარადისში, ხიხანში, ალავარსა და კირაჩ-მუღანლოში შიდა გზების მოასფალტებას გეგმავს. ამის შესახებ რადიო მარნეული წერს.
აღნიშნული სოფლებში შიდა გზების მოასფალტების სამუშაოებისთვის საჭირო საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის შედგენის მომსახურების შესყიდვისათვის ადგილობრივმა თვითმმართველობამ 28 943 ლარიანი ტენდერი გამოაცხადა.
სატენდერო დოკუმენტაციის თანახმად, ოთხივე სოფელში მოეწყობა ორფენიანი ასფალტირებული გზა, ასფალტ-ბეტონის საფარი, საჭიროების შემთხვევაში სანიაღვრე სისტემები და მისაყრელი გვერდულები.
გზის სიგანე კი ადგილზე განისაზღვრება, პროექტირების პროცესში, სავარაუდოდ 4.5 მეტრი.
სოფელ კირაჩ-მუღანლოს შიდა გზების მოასფალტების სავარაუდო ღირებულება შეადგენს 445 969 ლარს, მარადისის 350 000, ხიხანის 445 970, ხოლო ალავრის გზის მოასფალტების სავარაუდო ღირებულება 124 403 ლარია.
აღნიშნული ტენდერი მერიამ 1 მარტს გამოაცხადა, მასში მონაწილეობის მიღება მსურველ პრეტენდენტებს 7-დან 9 მარტის პერიოდში შეეძლებათ.
გამარჯვებული კომპანია ვალდებული იქნება სამუშაოები ხელშეკრულების გაფორმებიდან 60 კალენდარულ დღეში შეასრულოს.