ქუთაისის საკრებულო გაწეული ხარჯების შესახებ ინფორმაციას აქვეყნებს

854

ქუთაისის საკრებულო გაწეული ხარჯების შესახებ ინფორმაციას აქვეყნებს. საკრებულოს ინფორმაციით,  გასულ წელს ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულომ სამივლინებო ნაწილში ქვეყნის შიგნით დახარჯა 986 ლარი, ქვეყნის გარეთ მივლინებისათვის 3431 ლარი. ამის შესახებ ნიუპრესი წერს.

2020 წელს საკრებულოს წარმომადგენლობითი ხარჯები კი 3537 ლარი გახლდათ. წინა წელთან შედარებით 2020 წელს 40 000 ლარით შემცირდა საწვავის და ავტოტექნიკური მომსახურების ხარჯები.

პანდემიის გამოცხადების პარალელურად საკრებულოს თანამდებობის პირებმა შეიმცირეს საწვავის ხარჯები, თავმჯდომარემ მთლიანად გაიუქმა პირველი ლოქდაუნის პერიოდში და სამსახურეობრივი მანქანით არ უსარგებლია არც მას შემდეგ.

2019 წელს საკრებულოს მიერ ტრანსპორტისა და ტექნიკის ექსპლოატაციისა და მოვლა პატრონობისათვის 140559 ლარი (მათ შორის: საწვავ -საპოხი მასალა-131577 ლარი, ხოლო ავტოტექმომსახურებაზე 8982 ლარი), პანდემიის პირობებში თანხების დაზოგვის მიზნით შემცირდა საწვავის ლიმიტები და ჯამში დაიხარჯა ტრანსპორტისა და ტექნიკის ექსპლოატაციისა და მოვლა პატრონობისათვის 100362 ლარი (მათ შორის საწვავ-საპოხი მასალები – 98129 ლარი, ავტოტექმომსახურებაზე კი 2234 ლარი).

2021 წლის ბიუჯეტში ინიცირებული ცვლილებით, წარმომადგენლობითი და სამივლინებო ხარჯები მნიშვნელოვნად მცირდება მივლინების ხარჯები – 15 ათასი ლარით, ოფისის ხარჯები – 15 ათასი ლარით, წარმომადგენლობითი ხარჯები – 10 ათასი ლარით.

საკრებულოს ინფორმაციით, ხარჯების შემ,ცირება გრძელდება და ამჯერად ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ადმინისტრაციულ ხარჯები 70 000 ლარით შემცირდება.  ამის შესახებ განცხადება ქუთაისის საკრებულოს თავმჯდომარემ საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის სხდომაზე გააკეთა. საბიუჯეტო ცვლილებების პროექტის თანახმად, ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულო წარმომადგენლობით, სამივლინებო, საოფისე და არასაფინანსო აქტივებთან დაკავშირებულ ხარჯებს 70 000 ლარით შეამცირებს.

კოვიდპანდემიით გამოწვეული ვითარების გათვალისწინებით, აღნიშნული თანხები სრულად მიიმართება მოქალაქეთა საჭიროებების დასაფინანსებლად. ამ ეტაპზე დაზოგილი თანხების ათვისება რამდენიმე მიმართულებით იგეგმება, ეს შესაძლოა იყოს სატრანსპორტო შეღავათების სუფსიდირება, ბაგა-ბაღების მატერიალურ-ტექნიკური აღჭურვა, ან საბინაო ინფრასტრუქტურის აუმჯობესების პროექტები.