ოპოზიცია დაანონსებული აქციების ფორმატს ცვლის

327

ოპოზიციამ დაანონსებული აქციების ფორმატის შეცვლაზე იმსჯელა, რათა ხელისუფლებას არ მისცენ საბაბი, მათ მოლაპარაკების ჩაშლა დააბრალოს.

ენმ-ის წევრის, ზაალ უდუმაშვილის განცხადებით, ეს გადაწყვეტილება ირაკლი ღარიბაშვილის და “ქართული ოცნების” სხვა წევრების განცხადებებმა განაპირობა – მათ ოპოზიციას ვითარების რადიკალიზაციასა და პირობის დარღვევაში დასდეს ბრალი.

“მიუხედავად იმისა, რომ დღევანდელი აქცია იყო სრულიად მშვიდობიანი და თავიდანვე გქონდა დაანონსებული, რომ შენობის არავითარი ბლოკირება არ იქნებოდა, უბრალოდ ვიდგებოდით პარლამენტის შესასვლელებთან. აქცია სკანდირებას ყოველთვის გულისხმობს. ჩუმი აქციები არ დაგვიანონსებია. მიუხედავად ამისა, ჩვენ მთავრობის მეთაურისგან მოვისმინეთ ბრალდებები რადიკალიზმზე ხელისუფლებას კიდევ რომ არ მივცეთ დამატებითი საბაბი ამ პერიოდში, როცა არის შანსი, რომ მოლაპარაკებები შედგეს, ჩვენ ვისაუბრეთ აქციების ფორმატის შეცვლაზე, რომ მოლაპარაკების ჩაშლაზე არ იყოს ლაპარაკი. ეს აქციები დაანონსებულია, მაგრამ ისეთ ფორმას მივცემთ, რომ ხელისუფლებას ზედმეტ საბაბს არ მივცემთ”, – თქვა უდუმაშვილმა.

ოპოზიციური პარტიების ლიდერების შეხვედრა 2 მარტს ლეიბორისტული პარტიის ოფისში გაიმართა,სადაც  აქციების ფრომატის შეცვლაზე იმსჯელეს.

ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის მოლაპარაკება კი 1 მარტს, ევროსაბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის მედიაციით შედგა.

ოპოზიციის მოთხოვნები უცვლელია: პოლიტპატიმრების გათავისუფლება და რიგგარეშე არჩევნების დანიშვნა.

პოზიციებს არც ხელისუფლება ცვლის და აცხადებს, რომ ვადამდელი არჩევნები მათთვის წითელი ხაზია.