დღეიდან, რუსთავს კიდევ ერთი ახალი ბაგა-ბაღი შეემატა. #34-ე საბავშვო ბაღმა აღსაზრდელები თითქმის 20 წლიანი პაუზის შემდეგ დღეს პირველად მიღო.
„პირველი მარტიდან შესაძლებლობა მოგვეცა, რომ სასწავლო-სააღმზრდელო პროცესი გაგვეახლებინა. დღეს ვიმყოფებოდით #34 ბაღში, სადაც სარეაბილიტაციო სამუშაოები პანდემიის დროს დასრულდა და ექსპლუატაციაში პრაქტიკულად დღეს შევიდა. ეს არის 6- ჯგუფიანი 150 ბავშვზე გათვლილი ბაგა-ბაღი. მე ვფიქრობ, რომ მუნიციპალიტეტის ამ კონკრეტულ ერთეულში, ძალიან მნიშვნელოვანი იყო ბაღის გახსნა, რადგან, ფაქტობრივად, არ არსებობდა. ქალაქის ყველა ბაღში კოვიდრეგულაციები მკაცრად არის გაწერილი, მუნიციპალიტეტის და ბაგა-ბაღების დონეზეც ხდება ყოველდღიური კონტროლი. რეგულაციების დაცვის საკითხი იქნება პრიორიტეტული, როგორც კვების, ასევე სხვა მიმართულებითაც. სწორედ რეგულაციების მკაცრად დაცვამ უნდა მოგვცეს საშუალება, რომ ბაგა-ბაღების დახურვა აღარ მოგვიწიოს“,- განაცხადა რუსთავის მერმა ირაკლი ტაბაღუამ.
სასწავლო პროცესის განახლების წინ, რუსთავის ოცდაორივე ბაგა-ბაღის ყველა პედაგოგს, აღმზრდელსა და სხვა თანამშრომელს, კორონავირუსზე ტესტირება ჩაუტარდა. როგორც რუსთავის ბაგა-ბაღების გაერთიანების ხელმძღავანელმა ეკატერინე ხუციშვილმა ჟურნალისტებტან საუბარში განაცხადა, ტესტირებული თანამშრომლებიდან კორონავირუსი არც ერთს არ დაუდასტურდა.
„ისევე როგორც მთელ საქართველოში, დღეს რუსთავის ბაგა-ბაღების გაერთიანების 22-ივე ფილიალში აღდგა სასწავლო-სააღმზრდელო პროცესი. ბაღები მზადაა ჩვენი პატარების მისაღებად, ყველა წესი და რეგულაცია გათვალისწინებულია და დაცული იქნება, რა თქმა უნდა, მთელი სასწავლო წლის განმავლობაში. ჩვენ არც ერთ მიზეზს არ ვტოვებთ იმისას, რომ ბავშვებს რაიმე საფრთხე შეექმნას. ბაგა-ბაღების გაერთიანების 692 თანამშრომელი დაიტესტა და არც ერთი კოვიდდადებითი არ აღმოჩნდა. ყველა თანამშრომელი ჯანმრთელია და ჩვენს პატარებს განახლებული ბაღებით, განახლებული ინფრასტრუქტურით, ძალიან კარგად გადამზადებული აღმზრდელებით, მათი თანაშემწეებით და ძალიან სასიამოვნო გარემოთი დავხვდით“, – განაცხადა ეკატერინე ხუციშვილმა.