აუდიტი: 2018-2019 წლებში გურჯაანში დაგეგმილი პროექტები დროულად ვერ განხორციელდა

358

2018-2019 წლებში გურჯაანში დაგეგმილი პროექტები დროულად ვერ განხორციელდა, – ნათქვამია გურჯაანის მუნიციპალიტეტის 2018-2019 წლების საქმიანობის შესაბამისობის აუდიტის ანგარიშში, რომელსაც Droa.ge უცვლელად გთავაზობთ.

“სახელმწიფო ხაზინის მონაცემებზე დაყრდნობით, 2018-2019 წლებში მუნიციპალიტეტის შემოსულობებმა − 47,522.6 ათასი ლარი, ხოლო გადასახდელებმა − 46,998.1 ათასი ლარი შეადგინა.

ინფორმაცია შემოსულობების, გადასახდელებისა და ნაშთის ცვლილების შესახებ წარმოდგენილია ცხრილში. 

ბიუჯეტის შესრულების ანგარიშების მიხედვით, 2018 წელს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის შემოსულობების გეგმა შესრულდა 102%-ით და საკასო შესრულებამ 22,011.1 ათასი ლარი შეადგინა. 2019 წელს ბიუჯეტის შემოსულობების საკასო შესრულება იყო 25,511.5 ათასი ლარი (გეგმის 99%). 2018 წელს შემოსულობების გეგმაზე მეტით შესრულება ძირითადად გამოწვეულია გადასახადების გეგმის (ქონების და საშემოსავლო გადასახადი) გადაჭარბებული შესრულებით”, – ვკითხულობთ ანგარიშში.

აუდიტის ინფორმაციით, ხაზინის მონაცემების მიხედვით, 2018 წელს მუნიციპალიტეტის გადასახდელები შესრულდა 90%-ით და შეადგინა 20,512.8 ათასი ლარი. 2019 წელს გადასახდელები დაიგეგმა 28,326.3 ათასი ლარით, ხოლო შესრულების მაჩვენებელი იყო 26,485.3 ათასი ლარი (გეგმის 94%).

“2018-2019 წლებში გადასახდელების გეგმასთან შედარებით დაბალი შესრულება ძირითადად გამოწვეულია „არაფინანსური აქტივების ზრდის“ მუხლის შეუსრულებლობით, რომელიც მოიცავს ინფრასტრუქტურული პროექტების მშენებლობარეაბილიტაციას და მათ მოვლა-შენახვას. „არაფინანსური აქტივების ზრდის“ მუხლის დაგეგმილი მაჩვენებელი 2018 წელს შესრულდა 82%-ით, ხოლო 2019 წელს − 89%-ით”, – ნათქვამია ადუტიტში.

ასევე, აუდიტის ანგარიშით ირკვევა, რომ მუნიციპალიტეტს 2018-2019 წლებში თავისუფალი ნაშთის სახით გააჩნდა თანხები, რომელსაც ეფექტიანად არ იყენებდა, კერძოდ:2018 წლის 1 იანვრის მდგომარეობით, მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ნაშთმა შეადგინა 1,350.4 ათასი ლარი.

“აღნიშნული თანხიდან, ბიუჯეტით გათვალისწინებული იყო 1,348.3 ათასი ლარის გამოყენება. მიუხედავად ამისა, 2018 წელს ნაშთის ცვლილებით გამოწვეული ფულადი სახსრების დაგროვებამ (ზრდამ) შეადგინა 1,498.3 ათასი ლარი და წლის ბოლოს დაფიქსირდა ნაშთი 2,848.7 ათასი ლარი. აღნიშნული ფულადი სახსრებიდან 1,125.6 ათასი ლარი თავისუფალი ნაშთია.

მუნიციპალიტეტის 2019 წლის ბიუჯეტით განსაზღვრული იყო 2,609.4 ათასი
ლარის ნაშთის ათვისება. ნაშთის ფაქტობრივმა გამოყენებამ (კლებამ) 973.8 ათასი ლარი შეადგინა და შესაბამისად, 2020 წლის 1 იანვრისთვის დაფიქსირდა 1,874.9 ათასი ლარის ნაშთი, მათ შორის, 969.7 ათასი ლარი თავისუფალი ნაშთია”, – ვკითხულობთ აუდიტის ანგარიშში.

სახელმწიფო აუდიტის სამსახურის დასკვნის მიხედვით, გურჯაანის მუნიციპალიტეტმა 2018-2019 წლებში ვერ უზრუნველყო ბიუჯეტით დაგეგმილი ინფრასტრუქტურული პროექტების დროულად განხორციელება და ამასთანავე, დააგროვა არსებითი მოცულობის თავისუფალი ნაშთი. აღნიშნული მიუთითებს მუნიციპალიტეტის მფლობელობაში არსებული ფინანსური რესურსების
არაეფექტიან მართვაზე.

აუდიტის რეკომენდაციაა, ფინანსური რესურსების რაციონალური მართვის უზრუნველყოფის მიზნით, გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერიამ ბიუჯეტით გათვალისწინებული ასიგნებები გამოიყენოს შესაბამისი წლის ბიუჯეტით დაგეგმილი პროგრამების/ქვეპროგრამების მიზნების და მოსალოდნელი შედეგების მისაღწევად. ამასთანავე, ბიუჯეტი დაგეგმოს იმგვარად, რომ არ დაუშვას ნაშთის უკონტროლო დაგროვება და არსებული ნაშთი მაქსიმალურად მიმართოს მუნიციპალიტეტის პრობლემების მოსაგვარებლად.