თელავის მუნიციპალიტეტი საბიუჯეტო რესურსების მნიშვნელოვან ნაწილს ხარჯავს წყლის სისტემების მოწყობასა და რეაბილიტაციაზე. მიუხედავად ამისა, სოფლის მოსახლეობას წყალი გრაფიკით მიეწოდება, – ნათქვამია თელავის მუნიციპალიტეტის 2018-2019 წლების საქმიანობის შესაბამისობის აუდიტის ანგარიშში.
ამასთანავე, აუდიტის მიხედვით, მუნიციპალიტეტს უმრავლეს შემთხვევაში მიეწოდება ტექნიკური წყალი. პრობლემა სისტემურია, თუმცა მერიას მისი მოგვარების მიზნით, სათანადო ღონისძიებები არ გაუტარებია, მიუხედავად იმისა, რომ მუნიციპალიტეტის ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულებაა სასმელი წყლის სისტემების რეაბილიტაცია და ექსპლოატაცია.
როგორც აუდიტის ანგარიშიდან ირკვევა, ამ მიმართულებით თელავის მუნიციპალიტეტმა 2018-2019 წლებში 3,872.2 ათასი ლარი დაიხარჯა. აუდიტის ჯგუფმა, მერიის მიერ წარმოდგენილ მასალებზე დაყრდნობით, შეისწავლა მუნიციპალიტეტში წყლის სისტემების ზოგადი მდგომარეობა. წყლის სისტემები მოწყობილია ქალაქ თელავსა და 27 სოფელში. ქალაქ თელავის და სოფელ კურდღელაურის მოსახლეობისთვის სასმელი წყლის მიწოდებას უზრუნველყოფს შპს „საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია“.
„რაც შეეხება, მუნიციპალიტეტის დანარჩენ 26 სოფელში მცხოვრებ 15,793 ოჯახს, მათ წყალი მიეწოდებათ გრაფიკით, ჭაბურღილების და მთის წყაროების მეშვეობით. სოფლების მოსახლეობის წყალმომარაგების გამართულ ფუნქციონირებაზე პასუხისმგებელია მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული შპს „თელავის მუნიციპალიტეტის კეთილმოწყობის სამსახური“ და კერძო სამართლის სუბიექტი − შპს „აქვა ენერჯი+“. აღნიშნული ორგანიზაციები არ ფლობენ კანონით განსაზღვრულ ლიცენზიას.
პასუხისმგებელი პირების განმარტებით, მოსახლეობისთვის ინდივიდუალური წყლის მრიცხველები არ არის დამონტაჟებული, არ ხდება წყლის სარგებლობისთვის შესაბამისი საფასურის გადახდა, წყლის სისტემებზე გამწმენდი ნაგებობები არ არის მოწყობილი, არ ხორციელდება წყლის დაქლორვა და მოსახლეობას მიეწოდება ტექნიკური წყალი. ამასთანავე, წყალი ლაბორატორიულად მოწმდება მხოლოდ ახალი ჭაბურღილის ან ახალი სათავე ნაგებობის მოწყობის დროს. წარმოდგენილი ლაბორატორიული დასკვნების თანხმად, 2018 წელს სამ სოფელში, საბავშვო ბაღში წყლის ხარისხი არ შეესაბამებოდა დადგენილ სტანდარტებს. სხვა შემთხვევებში კი მოსახლეობისათვის მიწოდებული სასმელი წყლის ტექნიკური რეგლამენტით დადგენილ მაჩვენებლებთან შესაბამისობის კონტროლი და მონიტორინგი არ ხორციელდება. შესაბამისად, არ არის დადასტურებული სასმელი წყლის უსაფრთხოება და უვნებლობა“, – აღნიშნულია დასკვნაში.