მიმდინარე წლის 25 თებერვალს გაიმართა სამუშაო შეხვედრა, ერთი მხრივ, „ჯორჯიან მანგანეზის” სპეციალურ მმართველ ნიკოლოზ ჩიქოვანსა და, მეორე მხრივ, მაჟორიტარ პარლამენტის წევრ პაატა კვიჟინაძის, მუნიციპალიტეტის მერ გივი მოდებაძესა და საკრებულოს თავმჯდომარე ალექსანდრე ციცქიშვილს შორის, სადაც „ჯორჯიან მანგანეზის” საკუთრებაში არსებული ისტორიული შენობის საკითხი განიხილეს.
„ჯორჯიან მანგანეზის“ სპეციალურმა მმართველმა, ნიკოლოზ ჩიქოვანმა განაცხადა, რომ სამთო-გამამდიდრებელი კომბინატის შენობა მალე ახალ ფუნქციას შეიძენს, რაც ჭიათურის მუნიციპალიტეტის მოსახლეობის კეთილდღეობას, რეგიონის პოპულარიზაციასა და განვითარებას ემსახურება. ცენტრი, რამდენიმე მნიშვნელოვან სივრცეს გააერთიანებს, მათ შორის:
1. მხარეთმცოდნეობის მუზეუმს, რომელიც ამჟამად არასტანდარტულ გარემოშია განთავსებული და, არახელსაყრელი პირობების გამო, ექსპონატების მხოლოდ ნაწილია გამოფენილი;
2. ჭიათურის ისტორიის მუზეუმს, სადაც თავმოყრილი იქნება ყველაფერი, რაც ჭიათურის ისტორიას ეხება: მანგანუმის მოპოვების, თეატრისა და მედიცინის ისტორიის, ასევე, სხვა მიმართულებების ამსახველი უნიკალური მასალა გამოიფინება;
3. ფოტოგრაფიის მუზეუმსა და ფოტოგრაფიის სკოლას;
4. საკონფერენციო, საგამოფენო დარბაზებს, ასევე, ტრენინგების, საბიბლიოთეკო სივრცეებსა და სხვა.
5. პროფესიულ სასწავლო ცენტრ – „ჯმ აკადემიას“;
6. ახალგაზრდული სკაუტების ცენტრს, რომელიც ჭიათურის ახალგაზრდებისათვის პერმანენტულად განახორციელებს ახალგაზრდულ პროექტებს.
7. ტურისტული მიმართულების სივრცეს, მათ შორის, გიდების მოსამზადებელ ცენტრს;
8. ბიზნესის ხელშეწყობის ცენტრს, სადაც სტარტაპერებს შესაძლებლობა ექნებათ, საინტერესო წინადადებები წარმოადგინონ, შერჩეულ პროექტებსა და გამარჯვებულს კი კომპანია ხელს შეუწყობს.
„ჯორჯიან მანგანეზის“ სპეციალურმა მმართველმა ხელისუფლების წარმომადგენლებთან შეხვედრაზე განაცხადა, რომ მულტიფუნქციური ცენტრი, რომლის პრეზენტაციაც 4 მარტს არის დაგეგმილი, სხვა საინტერესო მიმართულებებსაც გააერთიანებს. ნიკოლოზ ჩიქოვანმა კიდევ ერთხელ გააჟღერა კომპანიის ინიციატივა, რომ ისტორიულ შენობას კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი მიენიჭოს და აღნიშნა, რომ ამ მიმართულებით მუშაობა უკვე დაწყებულია.
აღსანიშნავია, რომ ისტორიულ შენობას სრული რეაბილიტაცია ჩაუტარდება. სამუზეუმო სივრცის მოსაწყობად კი მისი რეაბილიტირებული ნაწილი ჭიათურის მუნიციპალიტეტის მერიას გადაეცემა.
მაჟორიტარმა დეპუტატმა, პაატა კვიჟინაძემ აღნიშნა, რომ მიესალმება ისტორიული შენობის მულტიფუნქციურად დატვირთვას და იმედს გამოთქვამს, რომ ეს დასაწყისია „ჯორჯიან მანგანეზთან“ სხვა დიდი პროექტების განხორციელებისათვის.
„ძალიან ნაყოფიერი და მნიშვნელოვანი შეხვედრა გვქონდა, ჩვენ მხარს დავუჭერთ და აქტიურად ჩავერთვებით ყველა იმ პროცესში, რაც ჩვენი მუნიციპალიტეტის განვითარებასა და მოსახლეობის კეთილდღეობას ხელს შეუწყობს“, – განაცხადა შეხვედრის დასასრულს ჭიათურის მუნიციპალიტეტის მერმა, გივი მოდებაძემ.