მარტვილის მუნიციპალიტეტში, „სოფლის მხარდაჭერის პროგრამით“ დასაფინანსებელი პროექტების შერჩევის მიზნით, მოსახლეობასთან საკონსულტაციო შეხვედრები აქტიურად გრძელდება. დასახლებების საერთო კრებები გაიმართა გურძემის, კიწიის, ვედიდკარის და ონოღიის ადმინისტრაციულ ერთეულში შემავალ სოფლებში. ინფორმაციას მარტვილის მერია ავრცელებს.
საერთო კრებებზე მოსახლეობის მიერ წარმოდგენილ საპროექტო წინადადებებს კენჭი ეყარა და ხმათა უმრავლესობით თითოეულ დასახლებაში პრიორიტეტები გამოვლინდა.
ადგილობრივებმა პრიორიტეტად შიდა საუბნო გზების რეაბილიტაცია, სპორტული მოედნების, ხიდ-ბოგირების და გარე განათების მოწყობა დაასახელეს.
2021 წელს მარტვილის მუნიციპალიტეტში „სოფლის მხარდაჭერის პროგრამით“, საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან 990 000 ლარი დაიხარჯება.
თითოეულმა სოფელმა მცირე ინფრასტრუქტურული პროექტის განსახორციელებლად თანხა მოსახლეობის რაოდენობის გათვალისწინებით მიიღო. მაცხოვრებლები ხმათა უმრავლესობით, თავად გადაწყვეტენ რას მოხმარდება თითოეული დასახლებისთვის გამოყოფილი თანხა. შერჩეული პროექტები კი დასამტკიცებლად მარტვილის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წარედგინება.
საკონსულტაციო შეხვედრები 23 თებერვლიდან 28 თებერვლის ჩათვლით, ჯანდაცვის სამინისტროს შესაბამისი რეკომენდაციების დაცვით გაიმართება.