ამბროლაურის მუნიციპალიტეტში, ,,სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში, ადგილობრივ მოსახლეობასთან შეხვედრები მიმდინარეობს.
ამბროლაურის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, ამბროლაურის მუნიციპალიტეტის მერმა ზვიად მხეიძემ, საკრებულოს თავმჯდომარემ ასლან საგანელიძემ და მერის პირველმა მოადგილემ გიორგი დონაძემ ადგილობრივებთან კონსულტაციები ამ ეტაპისთვის 30-მდე სოფელში გამართეს.
როგორც მუნიციპალიტეტის პრესსამსახურში განმარტავენ, აღნიშნულ სოფლებში ძირითად პრიორიტეტებად გზების რეაბილიტაცია, წყალსადენი სისტემების მოწესრიგება და გარე განათების მოწყობა განისაზღვრა.
,,სოფლის მხარდაჭერის პროგრამა“, სოფლად ინფრასტრუქტურის მოწესრიგების ერთ-ერთ მთავარ წყაროს წარმოადგენს. ,,პროგრამის ფარგლებში მუნიციპალიტეტის თითოეულ სოფელში, 10-დან 16 ათას ლარამდე ღირებულების ინფრასტრუქტურული პროექტები დაფინანსდება. მნიშვნელოვანია, რომ განსახორციელებელი პროექტების პრიორიტეტულობას მოსახლეობა თავად განსაზღვრავს. შესაბამისად, ეს პროგრამა ხელს უწყობს მოქალაქეთა ჩართულობის გაზრდას მათი სოფლისთვის მნიშვნელოვანი საკითხების მოგვარებასა და თემის პრიორიტეტების შერჩევაში”, – აღნიშნა ზვიად მხეიძემ.
მუნიციპალიტეტის პრესსამსახურის ცნობით, სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში, ამბროლაურში, ადგილობრივ მოსახლეობასთან შეხვედრები 5 მარტამდე გაგრძელდება.