“ქართული ოცნება” და შსს აცხადებს, რომ მათ სერვერებზე კიბერშეტევა განხორციელდა

301

“ქართული ოცნების” განცხადებით, მათ სერვერებზე მასშტაბური კიბერშეტევა ხორციელდება,  ამის შესახებ მათ განცხადება საკუთარ Facebook-ზე გამოაქვეყნეს. პარტია დანაშაულს ოპოზიციასთან აკავშირებს.

“ქართული ოცნების” სერვერზე ხორციელდება მასშტაბური კიბერშეტევა, რამაც გამოიწვია პროვაიდერი კომპანიების აპარატურის მუშაობის შეფერხება. არსებული მოვლენების ფონზე, რთული გამოსაცნობი არაა, თუ საიდან შეიძლება მომდინარეობდეს ეს დანაშაულებრივი აქტი. აშკარაა, რომ კონკრეტული პოლიტიკური ძალებისთვის დანაშაული იქცა მოქმედების თითქმის ერთადერთ ფორმად. მოვუწოდებთ სამართალდამცავ ორგანოებს, გამოიძიონ აღნიშნული კიბერდანაშაული – წერს პარტია.

კიბერშეტევის შესახებ განცხადება გაავრცელა შინაგან საქმეთა სამინისტრომაც, უწყება ამბობს, რომ მათ კომპიუტერულ ინფრასტრუქტურაზე სხვადასხვა ქვეყნებიდან კიბერშეტევა განხორციელდა.

“შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამისმა დანაყოფმა ოპერატიული მოქმედებების შედეგად შეტევა აღკვეთა. გამოძიება კომპიუტერული მონაცემის ანდა კომპიუტერული სისტემის უკანონოდ გამოყენებისა და ხელყოფის ფაქტზე საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 285-ე და 286-ე მუხლებით მიმდინარეობს”, – წერია უწყების განცხადებაში.