სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარის ნიკა მელიას დაკავებას ეხმაურება.
როგორც ლომჯარია “ფეისბუქზე” წერს, აღნიშნულს აუცილებლად მოყვება დასავლური სამყაროსგან საქართველოს გაუცხოება და დაშორება.
“არაფერი იმაზე სამარცხვინო არ შეიძლება მომხდარიყო 23 თებერვალს, საქართველოს დამოუკიდებლობის დაკარგვისა და გასაბჭოებიდან 100 წლის თავზე, როგორც ოპოზიციური პარტიის ოფისის დარბევა და ოპოზიციის ლიდერის დაპატიმრება, რასაც აუცილებლად მოჰყვება საბჭოთა საქართველოს მსგავსად დასავლური სამყაროსგან საქართველოს გაუცხოება და დაშორება. ალბათ, ესეც არის მიზანი… საკუთარი მოქალაქეების მიმართ სიძულვილით დაბრმავებულ ხელისუფალს ძალის დემონსტრირება ჰგონია წარმატება, ამ დროს კი 1 ვაქცინაც არაა შემოტანილი ქვეყანაში, ფასები ძვირდება და ხალხი შიმშილის ზღვარზეა …”, – წერს ლომჯარია.
„ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე, ნიკა მელია სამართალდამცავებმა დილის 9 საათისთვის დააკავეს. ის სპეცრაზმის წარმომადგენლებმა საკუთარი კაბინეტიდან ძალის გამოყენებით გაიყვანეს. მანამდე კი პარტიის ოფისში სამართალდამცავებმა ე.წ. წიწაკის სპრეი გაუშვეს.
შსს-ს თბილისის საქალაქო სასამართლოსგან დავალებული აქვს ნიკა მელიასთვის 17 თებერვალს შეფარდებული პატიმრობის გადაწყვეტილების აღსრულება.
საპოლიციო ძალები “ნაციონალური მოძრაობის” ოფისთან მივიდნენ პარლამენტის მიერ პრემიერმინისტრად ირაკლი ღარიბაშვილის დამტკიცებიდან მალევე. ღარიბაშვილი აცხადებდა, რომ კონსტიტუციურ წესრიგს სწრაფად აღადგენენ.