მარნეულის მერიაში აზერბაიჯანულ ენაზე საქმისწარმოების მოთხოვნით სასამართლო პროცესი დაიწყო

489

19 თებერვალს, ბოლნისის რაიონულ სასამართლოში მარნეულის მერიის წინააღმდეგ შესული სარჩელი განიხილა. სარჩელის ავტორის რაშან ზიადალიევის განცხადებით, ის მარნეულის მერიისაგან ითხოვენ, რომ ეთნიკურად აზერბაიჯანელ მოსახლეობას მერიაში წერილების შეტანის შესაძლებლობა აზერბაიჯანულ ენაზე ჰქონდეს. ამის შესახებ რადიო მარნეული წერს.

„როგორც ცნობილია, მარნეულში მცხოვრებ ეთნიკურად აზერბაიჯანელებს მარნეულის მერიაში განცხადების აზერბაიჯანულად შეტანა არ შეუძლიათ. მაგრამ არსებობს საერთაშორისო კონვენციები, მაგალითად ეთნიკური უმცირესობების შესახებ ევროპული კონვენცია სადაც აღნიშნულია, რომ თუ მუნიციპალიტეტში მცხოვრები მოსახლეობის 20%-ზე მეტი ეთნიკური უმცირესობის წარმომადგენელია, ამ შემთხვევაში იმ მუნიციპალიტეტის თვითმმართველობა უნდა ფინქციონირებდეს მათთვის გასაგებ ენაზე, ჩვენს შემთხვევაში მარენულის მერია უნდა ფუნქციონირებდეს აზერბაიჯანულ ენაზეც. ანუ, დოკუმენტაციებისა და განცხადებების შეტანა ამ უმცირესობების ენაზეც უნდა იყოს შეტანილი“, – ამბობს რაშან ზიადალიევი.

სამოქალაო ჩართულობისა და აქტივიზმის ცენტრის დამფუძნებლის განცხადებით, მარნეულის მერიაში საქმისწარმოების აზერბაიჯანულ ენაზე დაწყების მოთხოვნით სასამართლოს, დაახლოებით, ერთი წლის წინ მიმართეს. დღეს კი სასამართლოს პირველი სხდომა გაიმართა, რომელსაც მარნეულის მერიის წარმომადგენლები, ტექნიკური ხარვეზის გამო, ვერ ესწრებოდნენ.

რაშან ზიადალიევს იურიდიულ დახმარებას ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი (EMC) უწევს.

რადიო „მარნეულთან“ საუბრისას მარნეულის მერის მოვალეობის შემსრულებელმა ზაურ ტაბატაძემ განაცხადა, რომ მას მერიაში აზერბაიჯანულ ენაზე განცხადებების მიღებასთან დაკავშირებით პრობლემა არ აქვს, მაგრამ მუნიციპალიტეტი საქართველოს კანონმდებლობიდან გამომდინარე აღნიშნულ სერვისს ვერ შექმნის.

„დახმარებით ყველა მიეხმარება ნებისმიერ ადამიანს, მაგრამ რომ დარეგისტრირდეს განცხადება აზერბაიჯანულ და ქართულ ენაზე მითხარით რომელ სახელმწიფოში ხდება კიდევ ეს და კი ბატონო, გავაკეთოთ. აზერბაიჯანშიც ცხოვრობენ ქართველები ხო? აზერბაიჯანში, კახის რაიონში, ქართილად შეიძლება დაარეგისტრირო განცხადება? ხომ გვაქვს სახელმწიფო ენა, თორემ არაფერი არ მაქვს საწინააღმდეგო, უბრალოდ კონსტიტუცია არ გვაძლევს ამის საშუალებას. არის სახელმწიფო ენა განსაზღვრული და მხოლოდ ამ ენაზე შეიძლება საქმისწარმოება“, – განაცხადა ზაურ ტაბატაძემ.

მარნეულის მერის მოვალეობის შემსრულებლის განცხადებით, მისთვის არც ის იქნება პრობლემა თუ სასამრთლო განსხვავებულ გადაწყვეტილებას მიიღებს და მუნიციპალიტეტს აზერბაიჯანულ ენაზე დაწერილი განცხადებების მიღებას დაავალდებულებს.