“მე არჩეული მერი ვარ, რაც ძალიან დიდი პასუხისმგებლობაა თბილისისა და თბილისელების წინაშე” – ასე უპასუხა დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ ჟურნალისტებს შეკითხვაზე, იყო თუ არა გუნდში მსჯელობა პრემიერ-მინისტრად მისი კანდიდატურის დაყენების შესახებ.
მისი თქმით, ის, როგორც არჩეული მერი, ყოველდღიური საქმიანობით ცდილობს, რომ თბილისელების წინაშე აღებული პასუხისმგებლობა შეასრულოს.
„არ მქონია ამაზე საუბარი. იცით, რომ მე არჩეული მერი ვარ, რაც ძალიან დიდი პასუხისმგებლობაა თბილისისა და თბილისელების წინაშე. ჩემი ყოველდღიური საქმიანობით ვცდილობ, რომ მათ იმედები არ გავუცრუო და ყველაფერი გავაკეთო, რაც საჭიროა ჩემი ქალაქისთვის. უამრავი პრობლემაა. ყოველდღიურად, თქვენც ჩემთან ერთად დადიხართ, სხვადასხვა პროექტს ეცნობით. ჩვენ ვსაუბრობთ იმ აუცილებლობებზე, პრობლემებზე, რომელიც 30 წელია, არსებობს დედაქალაქში. მე ღრმად ვარ დარწმუნებული იმაში, რომ ამ შემართებით შესაძლებელია ყველაფრის გადალახვა და მოწესრიგება“, – განაცხადა კახა კალაძემ.
როგორც ცნობილია, გიორგი გახარიას თანამდებობიდან გადადგომის შემდეგ, მმართველმა პარტიამ პრემიერმინისტრობის კანდიდატად ირაკლი ღარიბაშვილი წარადგინა. ახალ სამთავრობო გუნდს, რომელშიც მხოლოდ ინფრასტრუქტურის და თავდაცვის მინისტრები იცვლებიან, პარლამენტი ნდობას უახლოეს ხანში გამოუცხადებს.