რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი მაია ცქიტიშვილი თანამდებობას ტოვებს. ამის შესახებ პრემიერმინისტრობის კანდიდატმა ირაკლი ღარიბაშვილმა „ქართული ოცნების“ ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. მან მაია ცქიტიშვილს ქვეყნისთვის გაწეული სამსახურისთვის მადლობა გადაუხადა.
რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის კადიდატად ირაკლი ქარსელაძე დასახელდა.
„მე და ირაკლი ღარიბაშვილი 15 წელია ვიცნობთ ერთმანეთს, ძალიან ბევრი ერთობლივად გაკეთებული საქმე გვაკავშირებს ჯერ კიდევ საერთაშორისო ფონდ „ქართუში“. როდესაც ირაკლი ღარიბაშვილი მთავრობის მეთაური იყო, მე მისი ადმინისტრაციის ხელმძღვანელი ვიყავი და ახლა გულწრფელად ვთხოვე, რომ მომცეს საშუალება, დავუბრუნდე ჩემს ოჯახს და გამოვიდე აქტიური პოლიტიკური ცხოვრებიდან და ჩემი ცხოვრების ეს ძალიან საინტერესო 9-წლიანი პერიოდი დავასრულო. ირაკლი ქარსელაძესთან ერთად ძალიან ბევრი მნიშვნელოვანი საქმე წამოვიწყეთ. ძალიან მიხარია, რომ ის და ჩემი არსებული მოადგილეები, გააგრძელებენ ამ საქმეებს. ვფიქრობ, რომ ძალიან ბევრი სასარგებლო საქმე გავაკეთე ქვეყნისთვის სხვადასხვა პოზიციაზე. მადლობას ვუხდი გიორგი გახარიას, რომლის კაბინეტშიც ვიცე-პრემიერი ვიყავი. წარმატებას ვუსურვებ ყველას. მადლობას ვუხდი ბიძინა ივანიშვილს, რომლის პოლიტიკაში მოსვლის პირველივე დღიდან ვიზიარებდი „ქართული ოცნების“ ფასეულობებს, სულისკვეთებას და ყოველთვის ვიქნები ამ პარტიის მხარდამჭერი და გულშემატკივარი. ასევე მინდა მადლობა გადაგიხადოთ ჟურნალისტებს. მიხარია, რომ ვისარგებლებ ამ ფუფუნებით და აღარ ვიქნები თქვენი რესპონდენტი“, – განაცხადა მაია ცქიტიშვილმა.
ირაკლი ღარიბაშვილმა მინისტრობის ახალი კანდიდატები დაასახელა. მთავრობის ახალი შემადგენლობა და სამთავრობო პროგრამა პარლამენტს დღეს წარედგინება. ბიუროს სხდომა 18:00 საათზეა ჩანიშნული.
გიორგი გახარიამ პრემიერმინისტრის თანამდებობა 18 თებერვალს დატოვა. „ქართულმა ოცნებამ“ პრემიერმინისტრობის კანდიდატად ირაკლი ღარიბაშვილი წარადგინა.