საქართველოს პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტმა გამოაქვეყნა 2021 წლის სამოქმედო გეგმა, რომელშიც დეტალურად არის გაწერილი, თუ რა საქმიანობას გასწევს მიმდინარე წელს კომიტეტი ადგილობრივი თვითმმართველობისა და რეგიონული განვითარების მიმართულებით.
უმთავრესი, რითაც კომიტეტი დაკავდება, კომიტეტში შესული კანონპროექტების ანალიზი, დასკვნების მომზადება და საკომიტეტო მოსმენების ჩატარება იქნება, მათ შორის, რამდენად იქნება შესაბამისობაში აღნიშნული კანონპროექტები მდგრადი განვითარების მიზნებთან. კომიტეტი გეგმავს, რომ ცალკეულ საკანონმდებლო საკითხებზე შექმნას სამუშაო ჯგუფები დამუშავების პროცესში მყოფი საკანონმდებლო აქტების განხილვის მიზნით, აგრეთვე, კვლავ იარსებებს სამეცნიერო-საკონსულტაციო საბჭო, რომელთანაც კომიტეტი რეგულარულად გამართავს შეხვედრებს. ამასთან, კომიტეტი წლის ბოლოსთვის ისევ გეგმავს, გამართოს ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლების ინსტიტუციური დიალოგის ფორუმი, რომელშიც, ტრადიციულად, სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებიც მონაწილეობენ ხოლმე.
2021 წლის განმავლობაში კომიტეტს ორჯერ – თებერვლის ბოლოს და დეკემბერში – დაგეგმილი აქვს, მოისმინოს, თუ როგორ მიმდინარეობს დეცენტრალიზაციის სტრატეგიისა და სტრატეგიის განხორციელების 2020-2021 წლების სამოქმედო გეგმით გათვალისწინებული ღონისძიებები. ანგარიშს დეპუტატებს საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო წარუდგენს.
კომიტეტი, აგრეთვე, იმუშავებს, რათა უზრუნველყოფილი იყოს საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისობა ადგილობრივი თვითმმართველობის საკითხებთან დაკავშირებით ასოცირების ხელშეკრულების ვალდებულებებთან, ასევე, „ადგილობრივი თვითმმართველობის ევროპული ქარტიის“ და მისი დამატებითი ოქმის მოთხოვნებთან. ასევე, კომიტეტის გეგმებშია „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ ევროპული ქარტიის იმ მუხლებთან და პუნქტებთან
მიერთება, რომელიც 2004 წელს რატიფიცირებული არ ყოფილა, თუმცა, კონკრეტულად რომელ პუნქტებთან მიერთებაა დაგეგმილი, სამოქმედო გეგმაში დაზუსტებული არ არის.
2021 წლის განმავლობაში კომიტეტი ასევე გეგმავს თემატური მოკვლევების ჩატარებას რამდენიმე მიმართულებით. ერთ-ერთი არის ადგილობრივი თვითმმართველობის განხორციელებაში მოქალაქეთა მონაწილეობის მდგომარეობის შესწავლა. “მნიშვნელოვანია, რომ კომიტეტის ინიციატივით, პარლამენტმა წინა წლებში მოახდინა ადგილობრივი თვითმართველობის ევროპული ქარტიის დამატებითი ოქმის რატიფიკაცია, რომელიც არეგულირებს ადგილობრივი ხელისუფლების საქმიანობაში მონაწილეობის უფლების მიღებას და ეს არის ის საკითხი, რომელზეც მომავალშიც უნდა გავაგრძელოთ მუშაობა. ვინაიდან საქმე ისაა, რომ მოქალაქეთა ჩართულობა თვითმმართველობის განხორციელებაში არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფუნქცია, რომლის გააქტიურებაც ჩვენს ხელშია და რომელიც ძალიან სერიოზულად გაზრდის ერთი მხრივ, თვითმმართველობის ორგანოების ქმედუნარიანობას, მეორე მხრივ, უფრო მეტად დააკავშირებს თვითმმართველობას ადგილობრივ მოსახლეობასთან. სწორედ თვითმმართველობა არის ხელისუფლების ის რგოლი, რომელიც ყველაზე ახლოს არის მოსახლეობასთან, ყველაზე მეტად ის უნდა ასახავდეს მოსახლეობის ინტერესებს და მისი ეს ფუნქცია კიდევ უფრო გაძლიერდება, თუკი მოქალაქეები უფრო მეტად იქნებიან ჩართული თვითმმართველობის განხორციელებაში. ამის ბევრი მექანიზმი არსებობს და სწორედ ამ მექანიზმების კვლევა და ამ მექანიზმების გააქტიურება უნდა იყოს ჩვენი ერთ-ერთი მთავარი ამოცანა. ბუნებრივია, ამ მხრივაც წამყვანი როლი თვითმმართველობებთან ერთად, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ენიჭება და ჩვენ სწორედ მათთან ერთად უნდა განვახორციელოთ ვითარების შესწავლაც და შესაბამისი საპარლამენტო კონტროლიც ამ მიმართულებით“, – განაცხადა სამოქმედო გეგმის დამტკიცების დროს საკომიტეტო სხდომაზე კომიტეტის თავმჯდომარემ, სოზარ სუბარმა.
თემატური მოკვლევის ფარგლებში, ასევე, დაგეგმილია სამუშაო შეხვედრის ჩატარება ასოცირების ხელშეკრულებით აღებული და გაეროს მდგრადი განვითარების მიზნების შესრულების ღონისძიებების თაობაზე.
საგაზაფხულო სესიაზე დაგეგმილია „საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსში” ცვლილების შეტანა. როგორც სამოქმედო გეგმაში წერია, კოდექსის ამოქმედების შემდეგ, კოდექსით განსაზღვრული გარკვეული წესებისა და
ნორმების განხორციელებისათვის, მიზანშეწონილი გახდა გარკვეული მუხლების დაზუსტება როგორც რედაქციულად, ისე შინაარსობრივად.
საგაზაფხულო სესიაზევე განხილული იქნება „გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსში ცვლილებიც. “ცვლილება გამომდინარეობს „საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული
და სამშენებლო საქმიანობის კოდექსში ცვლილების შეტანის“ შესახებ საქართველოს კანონის
პროექტიდან. გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსი არეგულირებს დაგეგმარებისა და სივრცითი მოწყობის სექტორში სტრატეგიული გარემოსდაცვითი შეფასების საკითხებს, თუმცა, პრაქტიკულმა გამოცდილებამ აჩვენა, რომ გარკვეული საკითხები საჭიროებს დაზუსტებას”, – ნათქვამია სამოქმედო გეგმაში.
მდგრადი განვითარების მიზნებიდან გამომდინარე, ასევე, საგაზაფხულო სესიაზე დაგეგმილია „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში” ცვლილების შეტანაც. კანონპროექტის ავტორი საქართველოს მთავრობაა და მისი მიზანია ქალაქ თბილისისა და სხვა მუნიციპალიტეტების თანაბარ მდგომარეობაში ჩაყენება და კოდექსის შესაბამისი მუხლებით გათვალისწინებული სახდელების დაკისრების ერთნაირი მიდგომის საფუძველზე დარეგულირება,
შესაბამისი სოციალურ-ეკონომიკური ასპექტების გათვალისწინებით.
კომიტეტი, საზედამხედველო ფუნქციის შესასრულებლად, კვლავ გამართავს საკომიტეტო მოსმენებს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროსა და მისი საქვეუწყებო ორგანიზაციების, ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს, აუდიტის სამსახურისა და სხვა უწყებების საქმიანობის შესახებ. კომიტეტი გეგმავს, საკომიტეტო მოსმენები შემდეგ საკითხებთან დაკავშირებით გამართოს:
- მაღალმთიანი დასახლებების განვითარების სტრატეგიის შესრულების მიმდინარეობის შესახებ;
- ევროკავშირის ეგიდით ოთხ საპილოტე რეგიონში მიმდინარე რეგიონული განვითარების სამთავრობო პროგრამის მიმდინარეობის შესახებ;
- საზღვრისპირა და გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლებში არსებული მდგომარეობის შესახებ;
- ქვეყანაში სტიქიური მოვლენების სალიკვიდაციო სამუშაოების მიმდინარეობისა და პრევენციის მიზნით დაგეგმილი ღონისძიებების შესრულების მზადყოფნის შესახებ;
- „აწარმოე საქართველო“, „დანერგე მომავალი“ და სხვა სახელმწიფო პროგრამების ფარგლებში საქართველოს რეგიონებში მიმდინარე და განხორციელებული საწარმო-საინვესტიციო, მათ შორის, მიკრო და საშუალო ბიზნესის მხარდაჭერის ღონისძიების შესახებ;
- რეგიონებში ტურისტული ინფრასტრუქტურის განვითარებისა და არსებული მდგომარეობის შესახებ;
- საავტომობილო გზების მშენებლობისა და რეაბილიტაციის მიმართულებით, 2020 წელს განხორციელებული საქმიანობისა და 2021 წელს დაგეგმილი ღონისძიებების შესახებ;
- რეგიონებში წყლის ინფრასტრუქტურის მდგომარეობის შესახებ;
- რეგიონებში მყარი ნარჩენების მართვის მდგომარეობის შესახებ;
- რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან 2020 წელს განხორციელებული და 2021 წელს მიმდინარე რეგიონალური და მუნიციპალური ინფრასტრუქტურული პროექტების (მათ შორის, მაღალმთიან დასახლებებში) მიმდინარეობის შესახებ;
- მუნიციპალიტეტებში სკოლამდელი აღზრდისა და სასკოლო ინფრასტრუქტურის ობიექტების მშენებლობარეაბილიტაციის მიმდინარეობის, არსებული მდგომარეობისა და გამოწვევების შესახებ;
- „სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ შესრულების შესახებ;
- რეგიონებში განათლების, კულტურის, ტურიზმისა და მომსახურებების, სპორტის, კულტურული მემკვიდრეობის ძეგლთა დაცვის ობიექტების აღდგენა-რეაბილიტაციის სამუშაოების მიმდინარეობის შესახებ;
- საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა საბინაო პირობების გაუმჯობესებისა და არსებული მდგომარეობის შესახებ;
- რეგიონებში გაზიფიცირების სამუშაოების მიმდინარეობის და სამომავლო გეგმების შესახებ;
- მაღალმთიანი დასახლებების განვითარების ფონდის განკარგვის შესახებ;
- თბილისის განვითარების ფონდის მიერ გაწეული სამუშაოებისა და სამომავლო გეგმების შესახებ;
- მუნიციპალიტეტებში ელექტრონული სერვისების დანერგვასთან დაკავშირებული საქმიანობის მიმდინარეობისა და სამომავლო გეგმების შესახებ;