საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი ირაკლი ქარსელაძე იქნება, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერმინისტრობის კანდიდატმა, ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა.
როგორც ირაკლი ღარიბაშვილმა აღნიშნა, ირაკლი ქარსელაძეს მსხვილი პროექტების მართვის მიმართულებით უდიდესი გამოცდილება აქვს.
„რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრ მაია ცქიტიშვილს, მისი პირველი მოადგილე, ირაკლი ქარსელაძე შეცვლის, რომელიც ასევე საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარის თანამდებობას იკავებდა. მას მსხვილი პროექტების მართვის მიმართულებით უდიდესი გამოცდილება აქვს და მე მჯერა, რომ ბატონი ირაკლი ასევე წარმატებული მინისტრი იქნება“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.
ამასთან, ირაკლი ქარსელაძემ მადლობა გადაუხადა პრემიერმინისტრობის კანდიდატს.
„ჩემთვის დიდი პატივია, ვემსახურო საქართველოს თქვენი გვერდში დგომით“, – განაცხადა ქარსელაძემ.
ირაკლი ქარსელაძე ამ დრომდე, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის პირველი მოადგილე იყო. ამასთან, ის საავტომობილო გზების დეპარტამენტს ხელმძღვანელობდა.
ირაკლი ქარსელაძეს გააჩნია, როგორც საჯარო, ისე კერძო სექტორში, მენეჯერულ პოზიციებზე მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება. საჯარო სამსახურში გადასვლამდე, სხვადასხვა დროს, კერძო სექტორში მუშაობდა: „დიპლომატ ჯორჯია“-ში ლოჯისტიკის დეპარტამენტის დირექტორის, სს „საქართველოს ლატარიის კომპანია“-ში შესყიდვების, ლოჯისტიკისა და ადმინისტრაციის დირექტორის, სს „ლომისი“- ლუდსახარშ ნატახტრში ლოჯისტიკისა და შესყიდვების დირექტორის და სს „ქართუ ჯგუფი“ -ში საერთაშორისო შესყიდვების დეპარტამენტის დირექტორის თანამდებობებზე. კარიერის ადრეულ ეტაპზე, მუშაობდა გაეროს განვითარების პროგრამის საჰაერო და საზღვაო პორტების პროექტის ექსპერტად, სამხრეთ კავკასიის ანტი-ნარკოტიკულ პროგრამაში.
2012 წლიდან, საქართველოს მთავრობის კანცელარიაში იკავებდა ადმინისტრაციული დეპარტამენტის უფროსის პოზიციას.
მინისტრის პირველ მოადგილედ და საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარედ დანიშვნამდე იკავებდა საქართველოს ტურიზმის განვითარების ფონდისა და შვილობილი კომპანიების აღმასრულებელი დირექტორის თანამდებობას, ამავდროულად იყო საქართველოს თანაინვესტირების ფონდის მრჩეველთა საბჭოს თავმჯდომარე.
ბატონმა ირაკლიმ დაამთავრა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკის ფაკულტეტი – საერთაშორისო ეკონომიკური ურთიერთობების სპეციალობით. ის 1978 წლის 28 თებერვალს, ქუთაისში დაიბადა.
ირაკლი ღარიბაშვილმა მინისტრობის ახალი კანდიდატები დაასახელა. მთავრობის ახალი შემადგენლობა და სამთავრობო პროგრამა პარლამენტს დღეს წარედგინება. ბიუროს სხდომა 18:00 საათზეა ჩანიშნული.
გიორგი გახარიამ პრემიერმინისტრის თანამდებობა 18 თებერვალს დატოვა. „ქართულმა ოცნებამ“ პრემიერმინისტრობის კანდიდატად ირაკლი ღარიბაშვილი წარადგინა.