რუსთავის კულტურისა და დასვენების პარკში მთავარ საფეხმავლო ბილიკზე ველოსიპედით გადაადგილება აიკრძალა

365

რუსთავის კულტურისა და დასვენების პარკში მთავარ საფეხმავლო ბილიკზე ველოსიპედით გადაადგილება აიკრძალა. ინფორმაციას ინფორუსთავი ავრცელებს.

როგორც რუსთავის ველომოყვარულთა ასოციაციის დამფუძნებელმა, გოგა ჯმუხაძემ განაცხადა აკრძალვა დროებითია.

“ცენტრალურ ბილიკზე, სადაც დიდი რაოდენობით ხალხი მოძრაობს და ველოსიპედების გაკონტროლება შეუძლებელია რომ მაღალი სიჩქარით არ იარონ, იქ დროებით აიკრძალა გადაადგილება. კონტაქტი მქონდა რუსთავის სერვისცენტრის ხელმძღვანელთან და მივიღე დაპირება, რომ უახლოეს პერიოდში პროექტზე ტენდერი გამოცხადდება, რომლის შემდეგაც პარკში დამოუკიდებელი ველობილიკი გაკეთდება. ამ ეტაპზე ველომოყვარულებს გადაადგილება შეუძლიათ ტბის გარშემო, არხის პირზე ასფალტისა და მოხრეშილი ბილიკის მიდამოებში”,- განაცხადა გოგა ჯმუხაძემ.

შეგახსენებთ, რომ რამდენიმე დღის წინ პარკში ქვეითად მოსიარულე 68 წლის ქალს ველოსიპედი დაეჯახა. შეჯახების შედეგად ქალმა ლავიწის ძვალი მოიტეხა.