ბოლნისის მუნიციპალიტეტში პანდემიის პერიოდში პირველი „ჩინური სათბური“ გაშენდა

300

ბოლნისის მერმა, დავით შერაზადიშვილმა მუნიციპალიტეტში აშენებული პირველი „ჩინური სათბური“ მოინახულა. ამის შესახებ ინფორმაციას ბოლნისის მერია ავრცელებს.

მათივე ცნობით, ადგილობრივი თვითმმართველობა დამწყებ ფერმერებს გვერდში დაუდგება.

მათი ინფორმაციით, ახალგაზრდა ფერმერმა მიხეილ რეხვიაშვილმა პანდემიის პერიოდში, სოფელ რაჭისუბანში, ბებია-ბაბუის კუთვნილ მიწაზე, საკუთარი სახსრებით, ე.წ „ჩინური სათბური“ ააშენა. 500 კვადრატულ მეტრ ფართობზე აშენებულ მიწისქვეშა სათბურში დამწყებ ფერმერს პომიდორი და კარტოფილი მოჰყავს. ბოლნისის მუნიციპალიტეტში არსებულ ერთადერთ „ჩინურ სათბურში“ მიხეილ რეხვიაშვილმა უკვე 2 ტონამდე პომიდვრის მოსავალი მიიღო. პროდუქციას ფერმერი ადგილობრივ ბაზარზე ყიდის.

„ჩინური სათბური“ დღეს ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერმა დავით შერაზადიშვილმა მოინახულა. მიხეილ რეხვიაშვილს მერმა ბოლნისში ახლად ამოქმედებული აგროცენტრის სერვისები შესთავაზა და ფერმერს სოფლის მეურნეობის განვითარებისთვის სახელმწიფოს მიერ შექმნილი პროგრამების შესახებაც მიაწოდა დეტალური ინფორმაცია.

როგორც ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერმა დავით შერაზადიშვილმა აღნიშნა, მოხარულია, რომ მუნიციპალიტეტში არა ერთი ახალგაზრდა სოფლის მეურნეობით ინტერესდება.

„დღეს მოვინახულეთ ახალგაზრდა ფერმერის მიხეილ რეხვიაშვილის „ჩინური სათბური“, რომელიც მან პანდემიის პერიოდში სოფელ რაჭისუბანში, ბებია-ბაბუის კუთვნილ მიწაზე ააშენა. დამწყებ ფერმერს ბოლნისის მუნიციპალიტეტში ევროკავშირის დახმარებით შექმნილი აგროცენტრის სერვისების შესახებ დეტალური ინფორმაცია მივაწოდე. აგროცენტრში მიხეილს პროდუქციის შეფუთვის, ეტიკეტირებისა და სხვა საჭირო სერვისის მიღება შეუძლია, რაც მას სათბურში მოყვანილი მოსავლის რეალიზაციას უდავოდ გაუადვილებს. მოხარული ვარ, რომ ჩვენს მუნიციპალიტეტში არაერთი ახალგაზრდა ინტერესდება სოფლის მეურნეობით, ჩვენც ადგილობრივი თვითმმართველობა ვცდილობთ, დამწყებ ფერმერებს გვერდში ყოველთვის დავუდგეთ. ბოლნისის მუნიციპალიტეტის წამყვანი დარგი სოფლის მეურნეობაა, ამიტომ ვფიქრობ, ამ სფეროში ჩადებული თითოეული ინვესტიცია რეგიონის ეკონომიკას კიდევ უფრო მეტად განავითარებს. მსურს მიხეილს, ამ შესანიშნავ საქმეში, დიდი წარმატება ვუსურვო“, – განაცხადა დავით შერაზადიშვილმა.