კახეთში სოფელ ბოდბისა და დუისის საჯარო სკოლების მშენებლობა დასრულდა

558

კახეთში სოფელ ბოდბის საჯარო სკოლისა და სოფელ დუისის საჯარო სკოლის (შერწყმული წინუბნის საჯარო სკოლა) მშენებლობა დასრულდა, მიმდინარეობს კიდევ 5 სკოლის მშენებლობა და 5 სკოლის რეაბილიტაცია.

მუნიციპალური განვითარების ფონდის ინფორმაციით, პროექტების ჯამურმა ღირებულებამ 30.1 მილიონი ლარი შეადგინა.

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდი, საგანმანათლებლო ინფრასტრუქტურის მშენებლობისა და რეაბილიტაციის პროგრამის ფარგლებში, აშენებს 66 სკოლას, რეაბილიტაციისა და ენერგო-ეფექტური კომპონენტის გაძლიერების სამუშაოებს კი 100 სკოლაში ახორციელებს.

2020 წელს ინფრასტრუქტურის სამინისტრომ უკვე დაასრულა 20 ახალი სკოლის მშენებლობა 1530 მოსწავლისთვის.

2021 წელს კი დამატებით დასრულდება კიდევ 41 სკოლის მშენებლობა 7 020 ბავშვისთვის.

ასევე, 2021-2022 წლებში ეტაპობრივად დასრულდება 100-ზე მეტი სკოლის რეკონსტრუქცია/რეაბილიტაციის სამუშაოები, რომელთა შედეგად 16 000 მოსწავლე სრულად განახლებულ სკოლაში ისწავლის.

საგანმანათლებლო პროგრამას საქართველოს მთავრობა და დონორი ორგანიზაციები (CEB და NEFCO) აფინანსებენ. პროგრამის საერთო ღირებულება 300 მილიონ ლარზე მეტია.