ორი წელი დახმარების მოლოდინში – ასპინძის სოფელ აწყვიტაში ამბობენ, რომ კლდე ისევ იშლება

319

კლდიდან ქვათაცვენის გამო, სოფელ აწყვიტაში საფრთხე ხუთ ოჯახს ემუქრება. აღნიშნულ ადგილზე, რომ ცხოვრება საშიშია 2019 წელს მომზადებულ გეოლოგიურ დასკვნაშიცაა ნათქვამი. სპეციალისტები მოსახლეობის უსაფრთხო ადგილზე გადაყვანაზე, ან კლდის გამაგრების აუცილებლობაზე საუბრობენ, ადგილობრივ თვითმმართველობაში კი აცხადებენ, რომ  სამუშაოების ჩასატარებლად თანხა არ აქვთ. ამის შესახებ სამხრეთის კარიბჭე წერს.

ასპინძის მუნიციპალიტეტის სოფელ აწყვიტაში, ე.წ ქუნცის დასახლებაში კლდიდან ქვათაცვენა 2019 წლის ოქტომბერში დაიწყო.

მოსახლეობის მოთხოვნის საფუძველზე, ვითარების შესასწავლად, ასპინძის მუნიციპალიტეტის მერიამ გეოლოგიის დეპარტამენტიდან სპეციალისტები იმავე წელს მოიწვია, მათ  მიერ მომზადებულ დასკვნაში წერია, რომ მოსახლეობისთვის კლდის მიმდებარედ ცხოვრება საფრთხის შემცველია, ამიტომ შესაბამისი უწყებების დროული რეაგირებაა საჭირო.

„შექმნილი სიტუაციიდან გამომდინარე, პრევენციის მიზნით, აუცილებელია კლდოვან ფლატეზე ჩამოწმენდითი სამუშაოების ჩატარება, რომლის შემდგომ ფლატეზე უნდა მოეწყოს მავთულბადიანი კონსტრუქციები. სახლის მიმართულებით დიდი ზომის კლდოვანი ლოდების ჩამოგორების ალბათობა , რომლებსაც შეუძლიათ შენობის დაზიანება რეალურია. ზემოთაღნიშნული სამუშაოების დროულად არ ჩატარების შემთხვევაში, საფრთხის თავიდან ასაცილებლად,  აუცილებელი გახდება ვლადიმერ ველიჯანიშვილის ოჯახის გეოლოგიურად მდგრად ადგილზე გადაყვანა. კლდიდან სასოფლო გზაზე ლოდების ჩამოგორების საშიშროებაზე  გზის გადაღმა არსებული ოთხი საცხოვრებელი სახლის მცხოვრებლებიც საუბრობენ“, – ნათქვამია გეოლოგების მიერ 2019 წელს მომზადებულ დასკვნაში.

ასპინძის მერია აცხადებს, რომ კლდის გასამაგრებლად და ოჯახების უსაფრთხო ადგილას გაყვანისთვის თანხა არ აქვს, ამიტომ თვითმმართველობამ  დახმარება საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის ჯანმრთელობისა და  სოციალური დაცვის სამინისტროს სთხოვა.

„წარმოდგენილი გეოლოგიური დასკვნით დადგენილია რომ კლდოვანი ფლატეს ინტენსიური ფიზიკური გამოფიტვის შედეგად  მიღებულია მძიმე სურათი და კლდოვანი მასა თითქმის სულ დანაწევრებულია სხვადასხვა მიმართულების მქონე ნაპრალებით. უნდა მოეწყოს მავთულბადიანი კონსტრუქციები. აღშინული სამუშაოების განხორციელების საშუალება მუნიციპალიტეტის ისედაც მწირ ბიუჯეტიდან შეუძლებელია. ზემოაღნიშნული სამუშაოების დროულად არ გატარების შემთხვევაში აწყვიტის მცხოვრებლების დიდი ნაწილი აღმოჩნდება სიცოცხლისა და  ჯანმრთელობისთვის მომატებული რისკის ზონაში.  ხუთი ოჯახის გეოლოგიურად მდგრად ადგილზე გადაყვანაა საჭირო, რაც მუნიციპალიტეტის შესაძლებლობას სცილდება“, – ნათქვამია წერილში, რომელიც ასპინძის მერმა, როსტომ მაგრაქველიძემ ჯანდაცვის მინისტრს, ეკატერინე ტიკარაძეს მისწერა.

მიუხედავად მომხდარისა, ასპინძის მერი, როსტომ მაგრაქველიძე ფიქრობს, რომ სოფელ აწყვიტაში „კატასტროფული მდგომარეობა“ არ არის და დასკვნა, რომელიც გეოლოგებმა მოამზადეს საბოლოო არაა.

„იქ არ არის ასეთი კატასტროფული მდგომარეობა, მოხდა შემთხვევა, იმის მერე [2019 წლის ოქტომბერი]არც განმეორებულა. იცი რამდენი ასეთი შემთხვევები გვაქვს გზებზე, ნიჯგორში?!. გზები გვეკეტება იმხელა ქვები ცვივა, შემთხვევისაგან არავინაა დაზღვეული. სახლს რომ აშენებდნენ არ მოთხოვეთ მშენებლობის ნებართვა თუ აქვთ?!. კანონიერად რომ იყოს ეგ სახლები აშენებული არც ერთი უწყება, რომელსაც ეგ ხელეწიფება არ გასცემდა ნებართვას. მერია ყველანაირ ყურადღებას აქცევს მათ. არამარტო იმ შემთხვევის მიმართ არამედ სხვა  პრობლემებიდან გამომდინარეც. ვნახოთ რა იქნება საბოლოო დასკვნა, ისიც გვითხრეს [გეოლოგებმა] რომ პერმანენტულად ჩამოვალთ და ვაწარმოებთ დაკვირვებასო და ასეც აკეთებდნენ. მათი გადაწყვეტილების შესაბამისად იმოქმედებს სამინისტროც. შეიძლება დასკვნის გაკეთების შემდეგ, ადგილმონაცვლეობა შესთავაზონ“, – ამბობს როსტომ მაგრაქველიძე.

გარემოს ეროვნული სააგენტოს, გეოლოგიის დეპარტამენტის განცხადებით, აღნიშნულ საქმეზე დაწერილი დასკვნა საბოლოოა, დანარჩენი კი ადგილობრივი თვითმმართელობის პრეროგატივაა.

„ესაა საბოლოო დასკვნა, რეკომენდაციები მომზადებულია, დანარჩენი არის ადგილობრივი თვითმმართველობის გასავლელი“, – განმარტეს დეპარტამენტის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში.

მოსახლეობის განცხადებით,  მას შემდეგ რაც არსებული ვითარების შესახებ მუნიციპალიტეტმა ჯანდაცვის სამინისტროს მისწერა, სოფელში უწყების წარმომადგენლები ჩავიდნენ და ტერიტორია დაათვალიერეს. ადგილობრივებს კი უთხრეს, სამინისტროში, როგორც ეკომიგრანტები ისე უნდა დარეგისტრირდნენ.

ველიჯანაშვილები, რომლებიც კლდესთან ახლოს ცხოვრობენ უკვე დარეგისტრირდნენ. თუმცა მათ არ იციან რა კუთხით დაეხმარება სამინისტრო, კლდის გამაგრების თანხას გამოყოფს თუ ალტერნატიულ ფართს.

„სამხრეთის კარიბჭე“  საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის ჯანმრთელობისა და  სოციალური დაცვის სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურს რამდენჯერმე დაუკავშირდა, თუმცა უწყებისგან პასუხი ვერ მივიღეთ.

აწყვიტაში, ე.წ ქუნცის დასახლებაში კლიდიდან ლოდების ცვენა 2019 წელს დაიწყო და როგორც ადგილობრივები ამბობენ, დღემდე გრძელდება.

„შიშში ვცხოვრობთ, სახლში მცირეწლოვანი და ორსული რძალი მყავს, ტანსაცმლით ვიძინებ ხოლმე, სულ მგონია, რომ ლოდი უნდა დაგვეცეს“ – ამბობს ფიქრია ველიჯანაშვილი.