მარნეულის მუნიციპალიტეტის მერიაში ბავშვთა უფლებების დაცვის მიზნით ახალი სერვისი შემუშავდა. დაახლოებით ორი თვეა, რაც ადგილობრივი თვითმმართველობის ჯანდაცვის და სოციალური უზრუნველყოფის განყოფილებას ახალი ფუქნციები დაემატა. ამის შესახებ რადიო მარნეული წერს.
ბავშთა უფლებების დაცვის კუთხით, ამ ეტაპზე, ხუთი თანამშრომელი: სოციალური მუშაკი, იურისტი , ფსიქოლოგი, კოორდინატორი და ინსპექტორი მუშაობს. როგორც რადიო „მარნეულთან“ საუბრისას კოორდინატორი, ნინო ხარაიშვილი ამბობს, სერვისებზე მუშაობა 2021 წლის 4 იანვარს დაიწყეს და საკმაოდ აქტიური მიმართვიანობა აქვთ. სამსახურში ამ დროისთვის ხუთი ქეისია შესული.
„მომართვიანობა უნდა მოხდეს მოქალაქის მიერ, ან მესამე პირის მიერ ან უშუალოდ ბავშვის მიერ. ჩვენ დაუყოვნებლივ გავდივართ, ადგილზეა სოციალური მუშაკი, ფსიქოლოგი და იურისტი. გვაქვს სპეციალური ფორმები და საჭიროების შემთხვევაში ვავსებთ და ვადგენთ არასრულწლოვანის საჭიროებას. შესაბამისად, ვახდენთ რეაგირებას. თუ საჭიროება არის მუნიციპალიტეტის მიერ მოგვარებადი, დაუყოვნებლივ ვაგვარებთ. თუ ძალადობის მსხვერპლია ბავშვი ან რაიმე მსგავსი მძმე სიტუაციაა, უკვე რეფერირებას ვახდენთ შესაბამის ორგანოებთან. გვქონდა ორი ისეთი ქეისი, რომელზეც ჩვენ თვითონვე მოვახდინეთ რეაგირება, არის რამდენიმე ქეისი, რომელიც რეფერირებას საჭიროებს“, – თქვა ნინო ხარაიშვილმა და აღნიშნა, რომ სამსახურს ახლომომავალში კიდევ ერთი თანამშრომელი, ექიმი შეემატება.
როგორც ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის, ბავშვთა უფლებების დაცვისა და მხარდაჭერის განყოფილების კოორდინატორი ნინო ხარაიშვილი ამბობს, ხუთი ქეისიდან რამდენიმე ძალადობის და ასევე, სოციალურ-ეკონომიკური სახის პრობლემებია.