ბორჯომის მერიამ „სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში მოსახლეობასთან საკონსულტაციო შეხვედრები დაიწყო

388

ბორჯომის მერიამ „სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში მოსახლეობასთან საკონსულტაციო შეხვედრები დაიწყო.

ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერიის ცნობით, პირველი შეხვედრა ახალდაბაში გაიმართა.

მათივე ინფორმაციით, სოფლის კრებაზე ადგილობრივმა მცხოვრებლებმა თავად შეარჩიეს ის პრიორიტეტული საკითხი, რასაც პროგრამის ფარგლებში გამოყოფილი თანხა უნდა მოხმარდეს. შეხვედრაზე ხმათა უმრავლესობით გადაწყდა, რომ ახალდაბაში სპორტული მოედნის მიმდებარე ტერიტორია შემოიღობება, მოწესრიგდება და ასევე მოხდება სპორტული ინვენტარის შეძენა. დაბა ახალდაბაში აღნიშნული სამუშაოების ჩასატარებლად 40 000 ლარია გამოყოფილი.

ბორჯომის მერიის ცნობით, საკონსულტაციო შეხვედრები 24 თებერვლამდე გაგრძელდება. სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში სასურველ პროექტებს ბორჯომის მუნიციპალიტეტის 33 სოფელში შეარჩევენ.

„2021 წელს, ბორჯომის მუნიციპალიტეტში „სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში, ცენტრალური ბიუჯეტიდან 436 000 ლარი დაიხარჯება. აღნიშნულ თანხას ბორჯომის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი ბიუჯეტიდან გამოყოფილი თანხა 436 000 ლარის ოდენობით დაემატება. ჯამში სოფლებში შერჩეული პროექტების განხორციელებაზე 872 000 ლარი დაიხარჯება.

სოფლის მხარდაჭერის პროგრამის მიზანია სოფლებში სოციალურ-ეკონომიკური საჭიროებების დაფინანსება და გადაწყვეტილების მიღების პროცესში ადგილობრივი მოსახლეობის ჩართულობის უზრუნველყოფა“, – აღნიშნულია ბორჯომის მერიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.