აჭარის მთავრობის სახლში აქციის მონაწილეებისა და მთავრობის წარმომადგენლებს შორის შეხვედრა ჩაიშალა

351

წინა სტატია

აჭარის მთავრობის სახლში აქციის მონაწილეებისა და მთავრობის წარმომადგენლებს შორის შეხვედრა ჩაიშალა. აქციის მონაწილეებმა შეხვედრა პროტესტის ნიშნად დატოვეს და განაცხადეს, რომ ისინი შეხვედრას უშუალოდ აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძეთან ითხოვენ.

მათი თქმით, შეკითხვები აქვთ, რომელსაც რეგიონის პირველი პირი არ პასუხობს. “ოცნების ქალაქის, სამივე დასახლებაში 1700 ოჯახს გასცეს პასუხი. აჭარის ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე რამაზ ჯინჭარაძესთან ყოველდღიურად ისედაც ვკონტაქტობთ. თორნიკე რიჟვაძეს ათ დღიან ვადას ვაძლევთ, როდის იწყებენ ხელშეკრულებების გაფორმებას. ჩვენ კითხვები მთავრობის თავმჯდომარესთან გვაქვს და არა სხვა თანამშრომლებთან. დღეს ოცნების ქალაქში თორნიკე რიჟვაძე მივიდა და მოსახლეობის, იქ მცხოვრები ადამიანების გარეშე სატელევიზიო ლაივები ჩართო”,- აცხადებს მარინა ბერიძე ე.წ “ოცნების ქალაქში” მცხოვრები. აქციის მონაწილეები მთავრობის სახლთან არ იშლებიან და შესაძლოა, კარვების გაშალონ.

ცნობისთვის, აჭარის მთავრობის სახლში, აქციის მონაწილეთა ხუთკაციან ჯგუფს აჭარის ჯანდაცვის სამინისტროსა და მთავრობის აპარატის წარმომადგენლები ხვდებოდნენ. როგორც აჭარის მთავრობის პრესსამსახურში “ინტერპრესნიუსს” განუცხადეს, თორნიკე რიჟვაძის დავალებით აქციის მონაწილეთა მოთხოვნები დაზუსტდება და უწყება შესაბამის ღონისძიებებს გაატარებს.