მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ საიმერლოში ადგილობრივი თვითმმართველობა სარიტუალო სახლის მშენებლობას გეგმავს. რადიო „მარნეულის“ ინფორმაციით, რიტუალების სახლის მშენებლობის ერთ-ერთ ადგილად მუნიციპალიტეტში სოფლის ცენტრალური სტადიონი განიხილებოდა, მაგრამ მოსახლეობის პროტესტის შემდგომ მერიას ალტერნატიული ფართის მოძიება მოუწია.
რადიო „მარნეულთან“ საუბრისა მარნეულის მერის მოვალეობის შემსრულებელმა ზაურ ტაბატაძემ განაცხადა, რომ საიმერლოში რიტუალების სახლის მშენებლობა 2021 წელსაა დაგეგმილი.
„ჯერ-ჯერობით გარკვეული არაა, მუშაობენ მაგ თემაზე და როდესაც შეარჩევს მოსახლეობა ადგილს, იმის მიხედვით განისაზღვრება. ამ წუთას ცნობილი არაა“, – განაცხადა ზაურ ტაბატაძემ.
ინფორმაცია იმის შესახებ, რომ მერიას საიმერლოში რიტუალების სახლის მშენებლობა სოფლის სტადიონზე ჰქონდა დაგეგმილი წერეთლის ადმინისტრაციული ერთეულის მერის წარმომადგენელმა შალვა კუპრაშვილმა უარყო.
რადიო „მარნეულს“ კუპრაშვილმა განუცხადა, რომ საიმერლოს მოსახლეობამ სარიტუალო დარბაზის მშენებლობა სოფლის ცენტრალურ სკვერში გადაწყვიტა, რომელიც საქართველოს საპატრიარქოს ბალანსზეა.
„სოფელმა გადაწყვიტა თხოვოს ეპარქიას, რომ ეკლესიის გვერდზე გამოიძებნოს ამ შენობისთვის მიწა. სოფლიდან რამოდენიმე კაცი წავა ახლა მეუფესთან და გადაწყვიტავენ მაგ საკითხს,“ – ამბობს შალვა კუპრაშვილი.
სოფელ საიმერლოს წმინდა ნინოს ტაძრის წინამძღვარმა დეკანოზმა გიორგიმ (ჩიქოვანი) რადიო „მარნეულს“ განუცხადა, რომ ტერიოტორია, რომელზეც სოფლის მოსახლეობამ სარიტუალო სახლის მშენებლობა გადაწყვიტა საპატრიარქოს საკუთრებაშია, ასე რომ არც მას და არც მარნეულისა და ჰუჯაბის ეპისკოპოსს აღნიშნული მიწის განკარგვის უფლება არ აქვთ.
„ეკლესია ყოველთვის, ჭირშიდაც და ლხინშიდაც, მზადაა ხალხს დაუდგეს გვერდით. ამ შემთხვევაში ვერ გაგცემთ პასუხს (გადაცემს თუ არა ეკლესია სოფელს მიწას) ვინაიდან ჩვენ არ განვკარგავთ ამ მიწას, ჩვენ უბრალოდ ამით ვსარგებლობთ. გუშინ მეუფე პირადადაც იყო ჩამოსული და დაათვალიერა ეს ტერიტორია, ტოპოგრაფებიც იყვნენ ჩამოყვანილები და თანამგზავრით ვუყურებდით ამ ტერიტორიებს თუ სად შეიძლება მშენებლობის დაწყება. ამ კვირაში მე კიდევ შევხვდები მეუფეს და როგორც მეუფემ თავად მითხრა ამ საკითხზე უწმინდესს გაესაუბრება და ვფიქრობ დიდი ხანი არ დაჭირდება ამ გადაწყვეტილების მიღებას“, – განაცხადა საიმერლოს წმინდა ნინოს ტაძრის წინამძღვარმა დეკანოზმა გიორგიმ (ჩიქოვანი)
გადაეცემა თუ არა სოფელ საიმერლოს მოსახლეობას სოფლის ცენტრალურ სკვერში არსებული მიწის ნაკვეთი, რომელიც საპატრიარქოს ბალანსზეა, ჯერ-ჯერობით ცნობილი არაა. აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით გადაწყვეტილება კათოლიკოს-პატრიარქიმა ილია მეორემ უნდა მიიღოს.