ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, თამარ გაბუნიას განცხადებით, თებერვლის ბოლოს უკვე შესაძლებელი იქნება ვაქცინაციის პროგრამის დაწყება.
“გრძელდება მზადება ვაქცინაციის პროგრამისთვის. სამედიცინო დაწესებულებები შეირჩა, მიმდინარეობს პერსონალის ტრენინგი და ვფიქრობთ, რომ თებერვლის ბოლოსთვის უკვე გვექნება საშუალება, რომ დავიწყოთ ვაქცინაციის პროგრამა”, — განაცხადა თამარ გაბუნიამ.
მისი განმარტებით, საქართველოსთვის ვაქცინის მიღების მთავარი მექანიზმი კოვაქს პლატფორმაა, თუმცა, განიხილება კიდევ ორი ალტერნატივა — ევროკავშირის ქვეყნებთან მოლაპარაკება მათთვის ჭარბი ვაქცინის გადმოცემასთან დაკავშირებით და ორმხრივი მოლაპარაკებები პირდაპირ ვაქცინის მწარმოებლებთან.
“ჩვენთვის მთავარი მექანიზმი არის კოვაქსის პლატფორმა, თუმცა ამის პარალელურად, მაინც, არის კიდევ ორი მექანიზმი, რაც გვინდა რომ გამოვიყენოთ. ერთი, ეს გახლავთ ევროკავშირის ქვეყნებთან თანამშრომლობა იმგვარად, რომ მათი შესყიდული ჭარბი დოზა, რომელიც, შესაძლოა ამ ეტაპზე არ იყოს მათთვის აუცილებელი, გადმოგვცენ. ეს შეიძლება იყოს შესყიდვის, ან დონაციის სახით. ასევე, მაინც, ყოველთვის ძალაში რჩება ბილატერალური [ორმხრივი] მოლაპარაკებაც”, — აცხადებს თამარ გაბუნია.
პირველი ვაქცინა, რომელიც საქართველოში შემოვა Pfizer-ია.