თბილისის საკრებულოს მანდატების მოსაპოვებლად 2.5%-იანი ბარიერის გადალახვა იქნება საკმარისი, რეგიონებში კი, 3%-იანი ბარიერი იმოქმედებს

566

საკრებულოების შემადგენლობა პროპორციული სისტემით არჩეულ წევრთა სასარგებლოდ შეიძლება გაიზარდოს. ამასთან, საარჩევნო ბარიერი, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებისთვის, რეგიონების შემთხვევაში 4%-დან 3%-მდე მცირდება, ხოლო თბილისში 2.5%-იანი ბარიერი იმოქმედებს.

ეს სიახლე უკვე ასახულია საპარლამენტო უმრავლესობის მიერ შეთავაზებულ საარჩევნო ცვლილებებში.

საარჩევნო კოდექსის პირველადი ვერსის თანახმად, თბილისის საკრებულო შედგება 50 წევრისაგან, რომელთაგან 10 წევრი აირჩევა ადგილობრივი ერთმანდატიანი მაჟორიტარული საარჩევნო ოლქების ტერიტორიაზე, ხოლო 40 წევრი – პროპორციული წესით ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მთელ ტერიტორიაზე.

თბილისის საკრებულოში პროპორციული სისტემით მანდატები ნაწილდება მხოლოდ იმ საარჩევნო სუბიექტებზე, რომლებმაც მიიღეს არჩევნებში მონაწილეთა ხმების არანაკლებ 2.5 პროცენტისა.

პარტიული სიის მიერ მიღებული მანდატების რაოდენობის დასადგენად პარტიული სიის მიერ მიღებული ხმების რაოდენობა მრავლდება 40-ზე და იყოფა იმ პარტიების მიერ მიღებული ხმების რაოდენობათა ჯამზე, რომლებმაც მიიღეს არჩევნებში მონაწილე ამომრჩეველთა ხმების არანაკლებ 2.5 პროცენტისა. მიღებული რიცხვის მთელი ნაწილი არის პარტიული სიის მიერ მიღებული მანდატების რაოდენობა. არჩევნებში მონაწილე ამომრჩეველთა ხმების რაოდენობაში არ ჩაითვლება ბათილად ცნობილი საარჩევნო ბიულეტენებით გათვალისწინებული ხმების რაოდენობა.

თუ პარტიული სიების მიერ მიღებული მანდატების რაოდენობათა ჯამი 40-ზე ნაკლები აღმოჩნდება, გაუნაწილებელი მანდატებიდან თითო მანდატი, პირველ რიგში, თანამიმდევრობით მიეკუთვნება უკეთესი შედეგის მქონე იმ პარტიულ სიებს, რომლებმაც ამ მუხლის პირველი პუნქტით დადგენილი წესით ვერ მოიპოვეს მანდატი, მაგრამ მიიღეს არჩევნებში მონაწილეთა ხმების არანაკლებ 2.5 პროცენტისა.

მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოს – საკრებულოს შემადგენლობა განისაზღვრება:

1. თვითმმართველი თემის საკრებულო შედგება პროპორციული საარჩევნო სისტემით არჩეული 20 წევრისა და მაჟორიტარული საარჩევნო სისტემით არჩეული 10 წევრისაგან.

2. თვითმმართველი ქალაქის (გარდა ქალაქ თბილისისა) საკრებულო შედგება პროპორციული საარჩევნო სისტემით არჩეული 20 წევრისა და მაჟორიტარული საარჩევნო სისტემით არჩეული 5 წევრისაგან.

“ქართულმა ოცნებამ“ საარჩევნო ცვლილებების საკუთარი ვარიანტი უკვე მოამზადა და მსჯელობისთვის პარლამენტში შექმნილ სამუშაო ჯგუფს გადასცა.