ვანის მუნიციპალიტეტმა 2018-2019 წლებში ვერ უზრუნველყო ბიუჯეტით დაგეგმილი ინფრასტრუქტურული პროექტების დროულად განხორციელება და დააგროვა არსებითი მოცულობის ნაშთი, – ვკითხულობთ სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მიერ მომზადებულ ანგარიშში, რომელსაც Droa.ge უცვლელად გთავაზობთ.
“ვანის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის შესრულების წლიურ ანგარიშებზე დაყრდნობით, 2018-2019 წლების შემოსულობებმა − 27,263.8 ათასი ლარი, ხოლო გადასახდელებმა 28,910.0 ათასი ლარი შეადგინა.
ინფორმაცია შემოსულობების, გადასახდელებისა და ნაშთის ცვლილების შესახებ წარმოდგენილია ცხრილში №1.
ორივე საანგარიშო წლისათვის მუნიციპალიტეტმა „არაფინანსური აქტივების
ზრდის“ მუხილი არასათანდოდ შეასრულა. აღნიშნული მუხლის შეუსრულებლობა ძირითადად გამოწვეულია დაგეგმილი ინფრასტრუქტურული პროექტების დაუსრულებლობით, რომლებიც დაიწყო დაგეგმილ საბიუჯეტო წელს, ხოლო სამუშაოები გადავიდა მომდევნო წელს. შესაბამისად, მუნიციპალიტეტმა ვერ მიიღო კრიტერიუმით გათვალისწინებული მოსალოდნელი შედეგები: ძირითადად, ვერ დასრულდა და დაგვიანდა საგზაო ინფრასტრუქტურის, სპორტული ობიექტების, შენობანაგებობების და სხვა ობიექტების მშენებლობისა და რეაბილიტაციის
სამუშაოები.
საანგარიშო პერიოდში მუნიციპალიტეტი ფლობდა მნიშვნელოვანი მოცულობის საბიუჯეტო ნაშთებს. კერძოდ, 2018 წლის 1 იანვრისათვის მუნიციპალიტეტს ბალანსზე ნაშთის სახით ერიცხებოდა 2,857.7 ათასი ლარი.
2018 წლისათვის დაიგეგმა 2,846.0 ათასი ლარის ათვისება, თუმცა დააგროვა
770.7 ათასი ლარი. შესაბამისად, პერიოდის ბოლოს დაფიქსირდა 3,628.4 ათასი ლარის ნაშთი, საიდანაც 136.6 ათასი ლარი თავისუფალი ნაშთია.
2019 წელს მუნიციპალიტეტმა დაგეგმა 3,741.2 ათასი ლარის ათვისება, თუმცა
გამოიყენა 2,417.0 ათასი ლარი. წინა წელთან შედარებით, ნაშთის ათვისების
მაჩვენებელი გაუმჯობესებულია. თუმცა, საბოლოოდ, პერიოდის ბოლოს დაფიქსირდა 1,324.2 ათასი ლარის ნაშთი. აქედან 334.7 ათასი ლარი თავისუფალი ნაშთია”, – ვკითხულობთ ანგარიშში.
სახელმწიფო აუდიტის სამსახურის დასკვნის მიხედვით, ვანის მუნიციპალიტეტმა 2018-2019 წლებში ვერ უზრუნველყო ბიუჯეტით დაგეგმილი ინფრასტრუქტურული პროექტების დროულად განხორციელება და დააგროვა არსებითი მოცულობის ნაშთი. მიუხედავად იმისა, რომ 2019 წელს ნაშთის ათვისების მხრივ მუნიციპალიტეტს პროგრესი აქვს, აღნიშნული არასაკმარისია. ნაშთის დიდი ოდენობით დაგროვება მიუთითებს მუნიციპალიტეტის მფლობელობაში არსებული ფინანსური რესურსების არაეფექტიან მართვაზე.
აუდიტის რეკომენდაციაა ფინანსური რესურსების რაციონალური მართვის უზრუნველყოფის მიზნით, მუნიციპალიტეტის მერიამ ბიუჯეტით გათვალისწინებული ასიგნებები გამოიყენოს შესაბამისი წლის ბიუჯეტით დაგეგმილი პროგრამების/ქვეპროგრამების მიზნების და მოსალოდნელი შედეგების მისაღწევად. ამასთანავე, ბიუჯეტი დაგეგმოს იმგვარად, რომ არ დაუშვას ნაშთის უკონტროლო დაგროვება და არსებული ნაშთი მიმართოს მუნიციპალიტეტის პრობლემების მოსაგვარებლად.