ქუთაისში, ადგილობრივი თვითმმართველობის მოწვევით, გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოება (GIZ) სამუშაო ვიზიტით იმყოფება.
ქუთაისის მერიის ინფორმაციით, ვიზიტის ფარგლებში, ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტში გაიმართა შეხვედრა, რომელშიც მონაწილეობდნენ ქუთაისის მერი იოსებ ხახალეიშვილი, KIU-ს რექტორი ალექსანდრე თევზაძე, ფონდ „ქართუს“ პროექტების დირექტორი ვახტანგ ცაგარელი, GIZ-ის პროგრამის – „კარგი მმართველობა ადგილობრივი განვითარებისათვის სამხრეთ კავკასიაში“ დირექტორი ქრისტოფ ბაიერი, ამავე პროგრამის საქართველოს კომპონენტის ხელმძღვანელი აკბარ მოჰაბატი და პროგრამის ექსპერტი აკაკი რუხაძე.
მათივე ცნობით, GIZ-ის რეგიონში ვიზიტის მიზანია ადგილობრივი ეკონომიკის განვითარების ხელშეწყობა, ქუთაისის გარდაქმნა ბიზნესისათვის ხელსაყრელ (Business-friendly) ქალაქად, საერთაშორისო გამოცდილებაზე დაყრდნობით მუნიციპალიტეტს, ბიზნესსა და სამოქალაქო საზოგადოებას შორის დიალოგისთვის პლატფორმის ჩამოყალიბება, შესაბამისი გუნდის შექმნა, ყოფილი ინდუსტრიული ტერიტორიების განვითარების ხელშეწყობა, ქუთაისის, როგორც რეგიონული ცენტრის, მიმზიდველობის გაზრდა.
“დღეს, ქუთაისში, ჩვენი თვითმმართველობის მოწვევით იმყოფება გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის კავკასიის მისიის ხელმძღვანელი და სხვა წარმომადგენლები. შეხვედრის ძირითადი მიზანია ჩვენი თვითმმართველობის მხარდაჭერა ადგილობრივი ეკონომიკური განვითარების საკითხებში. გერმანიის წარმატებული გამოცდილებიდან გამომდინარე, გვინდა ჩამოვაყალიბოთ გარკვეული პლატფორმა, რომელიც ხელს შეგვიწყობს ადგილობრივ თვითმმართველობას, ბიზნეს სექტორს და საზოგადოებას, რომ ვიზრუნოთ და ვიმუშაოთ ქალაქში მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარებისათვის. ასევე, გვსურს, მათი მხარდაჭერით, ჩამოვაყალიბოთ საინიციატივო ჯგუფი, რომელიც საშუალებას მოგვცემს მოვამზადოთ სხვადასხვა საინვესტიციო პროგრამა, რომელიც ქალაქის ურბანული განვითარების გეგმიდან იქნება გამომდინარე და შევთავაზოთ პოტენციურ ინვესტორებს. დარწმუნებული ვარ, ქალაქის თვითმმართველობის, ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტისა და GIZ-ის თანამშრომლობით , დღეს დასახულ გეგმებს მალე რეალობად ვაქცევთ“,- განაცხადა იოსებ ხახალეიშვილმა.
ქალაქის მერმა სტუმრებს ქუთაისის ინდუსტრიული ზონა და საინვესტიციო პოტენციალიც გააცნო.