ახვლედიანი: ოკუპირებული ტერიტორიებიდან გადმოსული მოქალაქეები 5 დღიან კარანტინს გაივლიან

475

ოკუპირებული ტერიტორიებიდან საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე გადმოსული მოქალაქეებისთვის, კორონავირუსის პანდემიის გამო დაწესებული 12-დღიანი საკარანტინე ვადა 5 დღემდე შემცირდა, – ამის შესახებ საქართველოს შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა თეა ახვლედიანმა მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.

“ხელისუფლება დაბალანსებული და პრაგმატული მიდგომით ახორციელებს კოვიდპანდემიის მართვას, დაწესებული შეზღუდვებით თუ შემსუბუქებასთან დაკავშირებულ გადაწყვეტილებით. აქედან გამომდინარე, მნიშვნელოვნად შემცირდა ოკუპირებული ტერიტორიებიდან კონტროლირებად ტერიტორიაზე გადმომსვლელთათვის საკარანტინე ვადა. როგორც მოგეხსენებათ 1-ელ თებერვლამდე ეს ვადა 12 დღით განისაზღვრებოდა. ამიერიდან კი, ოკუპირებული ტერიტორიებიდან გადმომსვლელთათვის შექმნილი იქნება შესაბამისი პირობები, სადაც ისინი დაყოფენ 5 დღეს საკარანტინე სივრცეში. PCR ტესტირების შედეგად, ტესტის უარყოფითი პასუხის შემდეგ, მათ ექნებათ შესაძლებლობა 5-დღიანი საკარანტინე ვადის ამოწურვისთანავე დატოვონ ეს სივრცე”, – თქვა ახვლედიანმა.

შეგახსენებთ, რომ ოკუპირებული აფხაზეთის მიმართულებით, ენგურის ხიდზე ე.წ. გადასასვლელი დღეიდან გაიხსნა.