ქუთაისში, თბილისს და რუსთავს მშობლებს სწავლების ფორმატის ასარჩევად კვირაში ერთხელ 24 საათი ექნებათ.
რაც იმას ნიშნავს, რომ ყოველ ოთხშაბათს 00:00 საათიდან 23:59 საათამდე მშობლებს შესაძლებლობა ექნებათ აირჩიონ მათი შვილები სწავლას საკლასო ოთახებში განაახლებენ თუ გაკვეთილები დისტანციურ რეჟიმში ჩაუტარდებათ. ეს კი უნდა დაფიქსირდეს სპეციალურ სარეგისტარციო გვერდზე.
“ონლაინ სწავლებაზე განაცხადის შევსება/რეგისტრაციის გაუქმება შესაძლებელია ყოველ ოთხშაბათს 00:00 – 23:59 საათის შუალედში. სწორედ ამ დროს იქნება ღია სარეგისტრაციო ველი. სწავლის დისტანციური ფორმატის არჩევის შესაძლებლობით უკვე სარგებლობენ ზუგდიდში, თელავში, ზესტაფონში, გარდაბანში, ფოთში, მარნეულში, ბათუმში, ქობულეთსა და გორში მდებარე საჯარო სკოლების მოსწავლეები, სადაც სწავლა 1 თებერვლიდან საკლასო ოთახებში გაგრძელდა”, – აცხადებენ სამინისტროში.
მათივე გადაწყვეტილებით, ის მასწავლებლები, რომლებსაც დისტანციური გაკვეთილების დამატებით ჩატარება მოუწევთ, შესაბამის დანამატს მიიღებენ.
ქუთაისის სკოლებში საკლასო ოთახებში სასწავლო პროცესის განახლება პირველ მარტს იყო დაგეგმილი, თუმცა ეპიდვითარების გაუმჯობესების გამო თარიღი შეიცვალა და მოსწავლეებს საკლასო ოთახებში დაბრუნება, სურვილის შემთხვევაში, 15 თებერვლიდან შეეძლებათ.
ყველა სკოლაში მეხუთე კლასს ზემოთ მოსწავლეებისთვის სავალდებულო იქნება პირბადის ტარება. პირბადე სკოლაში არ დარიგდება და განათლების მინისტრის თქმით, ის მოსწავლეებს მშობლებმა უნდა გაატანონ.